ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები - ელისაშვილი აღწერს, რა ხდებოდა რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს

07.10.26 14:31
ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები - ელისაშვილი აღწერს, რა ხდებოდა რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს

პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის, პენიტენიციურ სამსახურს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს - როგორც პოლიტიკოსი ამბობს, 2 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების შესახებ ცნობა გავრცელდა, ციხეთა სისტემაში ვითარება დაიძაბა - ინგრეოდა და ზანზარებდა საპატიმრო, ილეწებოდა შუშები, არაერთმა პატიმარმა კი თვითდაზიანება მიიყენა.

ელისაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ - მსჯავრცდებული პოლიტიკოსის ცნობით, ციხეში ვითარება ისევ დაძაბულია.  

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.
პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.
არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.
ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.
აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.
ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.
ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.
თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით", - წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ალეკო ელისაშვილი. 

 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი, ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

რა მოხდა რუსთავის ციხეში გაუპატიოურების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ: 

საჯაროდ გავრცელებული ცნებების თანახმად, მძიმე ბრალდების შემდეგ, №6 დაწესებულებაში პატიმრებმა პოტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.

ერთ-ერთ კადრში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით, ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი, რომლებმაც გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა,  ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები