ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ - ბესო დონაძე
კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა იმ კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ, რასაც ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრს გამოძიება ედავება.
"ნანა ყეინიშვილის გარდა, ვინმე იღებდა თუ არა კიდევ სარგებელს, ეს რა თქმა უნდა, ნორმალურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს" - ამბობს დონაძე.
პოლიტიკოსი საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას პასუხისმგებლობაზე და აცხადებს, რომ სწორედ მან უნდა აიღოს ახლა მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
მხოლოდ ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილება ამის საკმარისი არ იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო ეროვნულ ბანკს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა ამ კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ. ნანა ყეინიშვილის გარდა, ვინმე იღებდა თუ არა კიდევ სარგებელს, ეს რა თქმა უნდა, ნორმალურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მინიმუმ თურნავას პასუხისმგებლობა იკვეთება, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელმა, რომელმაც ვერ გააკონტროლა ეფექტურად მისი თანამშრომლები.
ის, რომ ეს მხოლოდ ერთი კომპანია იყო და სხვა კომპანიებთან მსგავსი არ აქვს გაკეთებული, ესეც შიგნით სიღრმეებშია შესასწავლი", - აცხადებს ბესო დონაძე.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
ამავე თემაზე:
- ზურაბიშვილი ყვება, როგორ დაინიშნა ყეინიშვილი ეროვნულ ბანკში
- ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოში არჩევას მხარი კობაძემ და პაპუაშვილმაც დაუჭირეს