"რაც არ უნდა ვუკმიოთ და ველაქუცოთ რუსეთს, პასუხად აგრესიას მივიღებთ" - ეკონომისტები

11.10.26 13:42
"რაც არ უნდა ვუკმიოთ და ველაქუცოთ რუსეთს, პასუხად აგრესიას მივიღებთ" - ეკონომისტები

 

 

რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და სხვა სასმელების იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს ეკონომისტები პოლიტიკურ ბერკეტად აფასებენ. გიგი ბედინეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ დათმობების მიუხედავად, მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას აგრძელებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა ქვეყანას ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლისგან ვერ დაიცავს.

ეს არ უნდა გვიკვირდეს, რომ რუსეთი ჩვენგან მოულოდნელად რაღაც ემბარგოებს გვადებს, იმიტომ, რომ შეიძლება, ისევ და ისევ "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ რომ ემლიქვნელება რუსეთს, რუსეთიც ამის საპასუხოდ რაღაც მართლაც მოინდომებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. რაც არ უნდა ვუკმიოთ რუსეთს და რაც არ უნდა ველაქუცოთ და ვემლიქვნელოდ, პასუხად მივიღებთ აგრესიას გამოხატულს როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც და ამის ბოლო გამოვლინებაა ეს. მთელმა მსოფლიომ სანქციები დაადო რუსეთს და საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ არა, ჩვენ არ დავადებთ სანქციებს რუსეთს და ამის პასუხად გამოდიან და ემბარგოს ადებენ ქართულ პოზიციას რუსულ ბაზარზე, - ამბობს გიგი ბედინეიშვილი.

რამაზ გერლიანი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი ქართულ ბაზარზე გავლენას მიზანმიმართულად აძლიერებდა, რათა ეკონომიკური დამოკიდებულება საჭირო დროს ზეწოლის ინსტრუმენტად გამოეყენებინა. ამასთან, მისი შეფასებით, დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის მსგავსი შეზღუდვები ისეთი მძიმე აღარ იქნება, როგორიც წარსულში იყო. 

ჩვენი ბაზარი არის დივერსიფიცირებული. დიახ, დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, გადაერთო რუსულ ბაზარზე, მაგრამ დღეს ეკონომიკისთის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც მაშინ ასეთი ტიპის შეზღუდვის დაწესება. ეს ემბარგო არის რეპრესიის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელსაც პოლიტიკური შეხედულებების გამო იყენებს ხოლმე რიგი ქვეყანა მეორე, თავისივე პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, სწორედ ამ ბერკეტს აგროვებდა რუსეთი ბოლო პერიოდში თავის ხელში, რომ შემდგომ ეს საჭირო მომენტში გამოეყენებინა, - ამბობს რამაზ გერლიანი. 

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.

აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს: 

  • „თელიანი ველი“;
  • „თბილღვინო“;
  • „ძმები ასკანელები“;
  • „ვაინმენი“;
  • „ქართული ლუდის კომპანია“;
  • „კოკა-კოლა“;
  • „ნაბეღლავი“.

დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“

მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით:  „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.

 

მსგავსი სიახლეები