ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს - პროტესტის გამო ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია
ლილოში მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკვე 16 წელია გაუსაძლისი სუნისა და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება და ხელისუფლებისგან პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.
პროტესტის ნიშნად, უკვე ერთი კვირაა, მშობლები შვილებს სკოლაში არ უშვებენ, რის გამოც ლილოს ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობას და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.
ჩვენ ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ. ყველამ კარგად იცის რას ნიშნავს ეს მეთანი. არის პირველ რიგში, რესპირატორული პრობლემები, არის ალერგიები და საბოლოოდ მივყავართ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე. როდესაც მოდის სასწრაფო ან მივდივართ საავადმყოფოში, ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ ისეთი ადგილიდან ხართ მოსულიო, რაღატომ ჰკითხულობთ, თქვენს შვილს კრუპი რატომ ემართება ყოველ წამსო? თვითონ კახი კალაძეც გვეუბნება, რომ მე ვთქვი, რომ უნდა მოვძებნო ტრიტორია, როდის გითხარით, რომ ნაგავსაყრელს გადავიტანთო? სიტყვებში გვეთამაშება ბატონი კახა კალაძე თუ სამი წელი მოგვიგო ამასობაში, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
განსაკუთრებით 7-8 საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ ისეთი სუნია. ვერც ფანჯარას გააღებ, ვერც კარებს გააღებ, გაუსაძლისი სუნია. სარეცხსაც ვერ ტოვებ გარეთ, იმიტომ, რომ შეიტან და ისევ გასარეცხია. არასდროს მქონია ადგილი და ბოლო ორი წელიწადია სუნებზეც საშინელი ალერგია დამეწყო. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქის მერი მათ ალტერნატიული ტყერიტორიის პოვნას მესამე წელია ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე ეს საკითხი მოუგვარებელი რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტში იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე სახელმწიფო ნაგავსაყრელს სხვა ტერიტორიაზე არ გადაიტანს.