მურთაზმა პირველ პროცესზე დაადასტურა, რომ ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას და არ ვთვლი, რომ ეს ასეა - ადვოკატი
მურთაზ ზოდელავამ პირველ პროცესზე დაადასტურა ის, რომ ის ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას და არ ვთვლი, რომ ეს ასეა დღეს, - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, მაია მუმლაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საპროცესო შეთანხმება საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში გაკეთდა.
თუ ეს დღევანდელი დღე ვინმესთვის გახდება გზა და შესაძლებლობა, ვიქნები მხოლოდ ბედნიერი. ვთვლი, რომ მართალი ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლებაზე, რაც შეიძლება მალე.
მურთაზმა პირველ პროცესზე დაადასტურა ის, რომ ის ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას და არ ვთვლი, რომ ეს ასეა დღეს. მან თავისი პოზიციაც, გადაწყვეტილებაც, ვაჟკაცობაც ნამდვილად დაადასტურა ამ პროცესების განმავლობაში. ნამდვილად გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, როდესაც თვითონაც გამოვა,- განაცხადა ადვოკატმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდნენ თუ არა სხვა ორგანიზატორებმა, რომ ის აპირებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ადვოკატმა შემდეგი პასუხი გასცა:
ეს საპროცესო გაფორმდა საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, მათ შორის, ტელევიზიით. მოვისმინეთ საყოველთაო შეთავაზება საპროცესოს მზაობასთან დაკავშირებით და ამის ფარგლებში გაფორმდა მხოლოდ და მხოლოდ.
- ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
- მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.