ნიკო კვარაცხელიას დედის პასუხი ძმებ კაკულიებს

15.10.26 17:11
ნიკო კვარაცხელიას დედის პასუხი ძმებ კაკულიებს

 

 

 

"რაც არ შეგვიტანია, ვერც გამოვიტანთ" - ასე პასუხობს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიებს, რომლებმაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კვარაცხელიების ოჯახისგან საჩივარის გატანა და საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.

"პირველებთან" ინტერვიუში იზა ომაძე დაკავებულებს მოუწოდებს, რომ თქვან თუ ვინ დაუკვეთათ მისი შვილის მკვლელობა.

კვარაცხელიას დედა მიმართავს ხელისუფლებასაც: "ამ ქვეყანას კრიმინალები მართავდნენ და თუ უნდათ, რომ ახლაც არ გავიშვირო ხელი, რომ ისევ კრიმინალები მართავენ, მათ გასცენ კაკულიებსაც პასუხი, კავილაძესაც და მკვლელობის დამკვეთებსაც".

კაკულიებიც და შემდეგ მათი დაბალი რგოლიც - ჭელიძე და კაველაძე, ასევე ბესარიონ ჟვანია არიან  ამ მკვლელობის შემსრულებლები, უბრალოდ სხვადასხვანაირად გადანაწილდა მათი ფუნქციები. აქედან გამომდინარე მე მათ ვერაფერს ვერ ვუპასუხებ. მთელი გულით მებრალებიან უბრალოდ. მხოლოდ ვურჩევ მათ, რომ კეთილგონიერებას მოუხმონ. ცოტა ისე კონტექსტიდან ამოვარდნილად ჟღერს, რომ მკვლელს კეთილგონიოერება ჰქონდეს, მაგრამ მე მაინც სურვილი მაქვს და მოვუწოდებ მათ რომ  დაფიქრდნენ და თქვან, ვინ დაავალა და ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა. 

ეს ნამდვილად იყო ჰოლივუდური სცენარი და მათ ჩემზე კარგად იციან, ვინ დადგა ეს ჰოლივუდური სცენარი. 

მათ ხელი დაადო კონკრეტულმა მკვლელმა ალეკოს ჭელიძემ და კონკრეტულმა მკვლელმა, მე მასაც მკვლელს ვეძახი, გიორგი კავილაძემ. წარმოუდგენელი იყო, როცა გაჟღერდა, რომ ნიკოს მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ ძმები კაკულიები და ბესარიონ ჟვანია, ნამდვილად ძალიან განმაცვიფრებელი იყო. ამიტომ, სარჩელი არც შეგვიტანია და რაც არ შეგვიტანია, ვერც გამოვიტანთ. 

ამ ქვეყანას კრიმინალები მართავდნენ და თუ უნდათ, რომ ახლაც არ გავიშვირო ხელი, რომ ისევ კრიმინალები მართავენ, მათ გასცენ კაკულიებსაც პასუხი, კავილაძესაც და კიდევ იმ დამკვეთებსაც, ვინც ეს მკვლელობა დაუკვეთა", - ამბობს იზა ომაძე.    

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები მათ მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. მეტიც, სასამართლო პროცესზე ძმებმა კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოუწოდა. 

კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

  • ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.