პენიტენციური დავით ფეიქრიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებულზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
- პაატა სალიას უწყება სპეციალურ განცხადებაში არ საუბრობს ვინ არიან დავით ფეიქრიშვილის თანამესაკნეები ან, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ცნობა იმის შესახებ, რომ ფეიქრიშვილთან ნამდვილად შეასახლეს შოთა და ვატო ყიფიანები, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდევ ორი პირი, რომელსაც ოჯახი თავდასხმაში ადანაშაულებს.
პენიტენციურის განცხადების თანახმად, დღეს ბრალდებულმა ფეიქრიშვილმა ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა.
უწყების განმარტებაში არაფერია ნათქვამი გუშინ, 19 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე.
- „ვივამედში“ ადასტურებენ, რომ გუშინ, 21:00 საათზე დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში შეიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა.
პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.
დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.
ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან"- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუწორდნენ. პაატა გოგიაშვილის მტკიცებით, ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აღენიშნება. იურისტის თქმით, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ ასევე ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმაც.