პარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
"ქართული ოცნება“ კაზინოებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლების მინიჭებასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაჩქარებული წესით გეგმავს. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით 8-ის წინააღმდეგ, მხარი უკვე დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, სამორინეები, რომლებიც 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო ტურნირებს მოაწყობენ, გარკვეული პირობებით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. ამასთან, ტურნირის მონაწილეთა სულ მცირე 70 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს.
კანონპროექტი სანებართვო პირობების დარღვევისთვის 50 ათასლარიან, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ ტურნირის მოწყობისთვის 150 ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, შოთა ბერეკაშვილი, ცვლილებების მიზნად არასეზონურ პერიოდში ტურიზმის განვითარებას ასახელებს და აცხადებს, რომ მსგავსი საერთაშორისო ტურნირები ევროპის არაერთ ქალაქში იმართება.
საკანონმდებლო პაკეტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.