445 ტროლის კოორდინირება „დიფ სთეითის“, დასავლეთისა და ოპოზიციის წინააღმდეგ - მითების დეტექტორის კვლევა

27.10.26 17:08
445 ტროლის კოორდინირება „დიფ სთეითის“, დასავლეთისა და ოპოზიციის წინააღმდეგ - მითების დეტექტორის კვლევა

სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“  ფეისბუქ გვერდებზე დაკვირვების ფარგლებში “მითების დეტექტორმა” კიდევ 445 ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომლებიც მათი კვლევით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის კონსპირაციულ და ანტიევროპულ პოსტებს კოორდინირებულად იწონებენ და სახელისუფლებო გზავნილების მხარდაჭერის იმიტირებას ქმნიან. 

  • წინა კვლევის ფარგლებში „მითების დეტექტორმა“ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროფილის ფოტოებით მოქმედი 434 ანგარიში გამოავლინა, რომლებიც ამჟამად დეაქტივირებულია. იმის დასადგენად, რამდენად აღმოიფხვრა მსგავსი პრაქტიკა, მონიტორინგი ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ პოსტებზე გაგრძელდა.

„მითების დეტექტორის“ მიერ გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ოქტომბერში გამოვლენილ პროფილებს, რომლებიც „ინტერპრესნიუსის“ პოსტებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერის იმიტირებას ახდენდნენ. მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამ ანგარიშების აქტივობა მხოლოდ „ინტერპრესნიუსით“ არ შემოიფარგლება და საეჭვო პროფილები სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე სხვა მედიასაშუალებების  პოსტებზეც რეაგირებდნენ. 

წინა კვლევის მსგავსად, მონიტორინგმა ანგარიშების ვიზუალური დუბლირების შემთხვევები, ასევე AI-გენერირებული პროფილის ფოტოებისთვის დამახასიათებელი ანატომიური და გეოლოკაციური შეუსაბამობები გამოავლინა. ამასთანავე, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ ანგარიშების უმეტესობას პროფილები აქვთ დახურული, მათი ნაწილი კი ადრე გამოვლენილი და დეაქტივირებული პროფილების ვიზუალს ატარებს.

ორგანიზაცია წერს, რომ მონიტორინგის შედეგად რამდენიმე საერთო ქცევითი მახასიათებელი გამოვლინდა, კერძოდ:

  • ყალბი ანგარიშები მმართველი პარტიის პოლიტიკური გზავნილების მხარდაჭერის იმიტაციას ქმნიდნენ. მოწონებების გაზრდა ძირითადად მმართველი პარტიის პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და ქალაქის მერის პოსტებზე ხდებოდა, რომლებიც ოპოზიციის აკრძალვას, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას, დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს შეეხებოდა. კოორდინირებული რეაქციები დაფიქსირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გაშუქებასა და ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების ამსახველ პოსტზეც.
  • მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ტროლების მობილიზება ხელისუფლების კონსპირაციული იდეოლოგიის მხარდამჭერი ექსპერტის პოსტებზეც ხდებოდა.  ყალბი ანგარიშები იწონებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის იმ ფეისბუქ პოსტებს სამთავრობო მედიებზე, რომლებიც „დიფ სთეითს“ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვებასა და ევროპაში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრების მცდელობაში, ასევე კონსერვატიული შეხედულებების ცენზურაში ადანაშაულებდა.
  • ანგარიშების უმრავლესობა ორ დღეში შეიქმნა: 329 ანგარიში 2026 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა, 109 კი  26 აგვისტოს.  ერთი ანგარიში 2026 წლის 20 ივლისს არის შექმნილი, ექვსი კი  2024 წლის იანვარსა და აპრილში. ამ ექვსი პროფილიდან ყველა სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ადამიანების იდენტობას იპარავს.
  • ანგარიშების უმრავლესობა AI-გენერირებულ ფოტოებს იყენებს: გამოვლენილი 445 ანგარიშიდან 316-ის პროფილის ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებაა. 129 პროფილის შემთხვევაში კი ცნობილი ადამიანების, პეიზაჟების, პოსტერებისა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების გამოსახულებები გვხვდება.
  • გამოვლენილი ანგარიშების უმეტესობას პროფილები დახურული აქვს. 445 ანგარიშიდან 300-ს ფეისბუქის Locked Profile ფუნქცია აქვს გააქტიურებული, რაც პროფილზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ხილვადობას ზღუდავს. ეს მახასიათებელი განსხვავდება „მითების დეტექტორის“ წინა კვლევაში გამოვლენილი 434 AI-გენერირებული ტროლის ქსელისგან, რომლის წაშლის შემდეგაც ახალი ანგარიშების ქცევაში შესაძლო ტაქტიკური ცვლილება იკვეთება. 
  • პროფილის ფოტოები წაშლილი ანგარიშების ვიზუალებს იმეორებს: ანგარიშების ნაწილში გვხვდება გამოსახულებები, რომლებიც „მითების დეტექტორის“ მიერ ადრე გამოვლენილი და ფეისბუქის მიერ წაშლილი ანგარიშები იყენებდნენ. ვიზუალის დუბლირებისას ანატომიური ხარვეზების დუბლირებაც იჩენს თავს.
  • პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, რასაც ანატომიურთან ერთად გეოლოკაციური, ასევე გრამატიკული ხარვეზებიც ადასტურებს: Hive Moderation-ის შეფასებით, ფოტოები 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია, ზოგ შემთხვევაში კი მაჩვენებელი 100%-ს აღწევს.  ხელოვნური ინტელექტის კვალს დამატებით ანატომიური უზუსტობები, ლოკაციის აღრევა და გრამატიკული შეცდომებიც ცხადყოფს.
  • ანგარიშების ნაწილში სახელები, გვარები და ფოტოები მეორდება: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ახალგამოვლენილ ანგარიშს ერთი და იგივე სახელი და გვარი ან ერთი და იგივე ფოტო აქვს გამოყენებული.
  • ანგარიშების ნაწილს ერთი და იგივე ფეისბუქ გვერდები აქვს გამოწერილი: 196 ანგარიშს მოწონებული აქვს გვერდი Tbilisinews.ge,  14-ს  „აი პოლიტიკა“, ხოლო 3 ანგარიშს  „Rustavi 2 • რუსთავი 2“. აღსანიშნავია, რომ „აი პოლიტიკა“ მოწონებული ჰქონდათ „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში გამოვლენილ ყალბ ანგარიშებსაც.
  • სანდოობის გასაზრდელად მითითებულია რეალური სამუშაო ადგილები და სასწავლებლები: პროფილებში ჩამოთვლილია მუნიციპალური და საჯარო დაწესებულებები, ბანკები, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიები, ასევე კრიტიკული მედიასაშუალებები, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და „TV პირველი“.
  • გამოგონილი პროფილები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნიან. სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანების ვიზუალური და ბიოგრაფიული მახასიათებლები მხარდაჭერის სოციალური მრავალფეროვნების იმიტაციას ემსახურება. პროფილებზე ორგანიზაციების მითითება ამ ორგანიზაციების ქსელთან კავშირს არ ადასტურებს.
  • ანგარიშების ნაწილს ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს: საეჭვო პროფილების უმეტესობას მეგობრები საერთოდ არ ჰყავს, ნაწილს კი მხოლოდ 1 ან 2 მეგობარი ჰყავს. წინა კვლევის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშები, რომელთა მეგობრების რაოდენობა 169-დან 4800-მდე მერყეობს. 

ორგანიზაციის თქმით,  იმედისა და რუსთავი 2-ის  ფეისბუქ პოსტების რეაქციების ანალიზი აჩვენებს, რომ საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად რამდენიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახი კალაძე) სტრატეგიულ გზავნილებზე ხდება, გამონაკლისის სახით კი, მნიშვნელოვან სამთავრობო განცხადებაზე (საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პარტიების აკრძალვის პროცესზე ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ), პირის (ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიულ ღონისძიებაზე) და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის (ზაზა შათირიშვილი) კონსპირაციულ და ანტიდასავლურ გზავნილებზე.

გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა შემდეგი გზავნილების მხარდაჭერის გასაძლიერებლად:

  • ოპოზიციის წინააღმდეგ და პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის მხარდასაჭერად გზავნილების მოწონება ირაკლი კობახიძის (რუსთავი 2, იმედი, იმედი) და კახი კალაძის (იმედი) სამთავრობო მედიის პოსტებზე გამოიკვეთა.
  • ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკა პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელზე შიდა საქმეებში ჩარევაა. ყალბი ანგარიშები მობილიზებული იყვნენ „რუსთავი 2-ის“ პოსტზეც, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებდა, ასევე მიუთითებდა იმ ნეგატიურ გავლენაზე, რომელიც შესაძლოა ასეთ შეფასებებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე მოეხდინა. 
  • უცხოური ჩარევა როგორც მტრული, ასევე არამტრული ქვეყნებისგანაც საფრთხეა, დასავლური ინსტიტუტები საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ. არაავთენტური ანგარიშები მოწონებებით ამყარებდნენ პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის იმ გზავნილებს, რომლებიც ამკვიდრებდა აზრს, რომ უცხოური ჩარევა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს მტრული ქმედებაა და ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვისკენაა მიმართული (იმედი); რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია (იმედი); ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სუვერენიტეტს ზღუდავს (რუსთავი 2; იმედი); ევროკავშის წარმომადგენლობის განცხადება (მოსახლეობის მხარდამჭერი დაფინანსების შესახებ) სახელმწიფოებრიობას გვიუქმებს (რუსთავი 2); ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებება მცდარია (იმედი).
  • დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქალაქებში აქციების დაშლას არ გმობს, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში შეფასებებში მიკერძოებულია. ყალბი ანგარიშები ასევე კოორდინირებულად იწონებდნენ ირაკლი კობახიძის (იმედი), შალვა პაპუაშვილის (რუსთავი 2) და კახი კალაძის (რუსთავი 2) იმ პოსტებს, სადაც საფრანგეთსა და ევროპულ ქალაქებში პროტესტების დაშლის დროს გამოყენებული მეთოდების საპირწონედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე დასავლეთის კრიტიკული განცხადებები და ზოგ შემთხვევაში მიღებული სანქციებიც იყო დასახელებული.

ორგანიზაციის განცხადებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ტროლების მობილიზება ხელისუფლების კონსპირაციული იდეოლოგიის მხარდამჭერი ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის პოსტებზეც კოორდინირებულად ხდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები