აბესაძე: დოქების ნაცვლად ინვესტორი 67,761 კვ.მ აშენებას ითხოვს, რაც 10-სართულიან შენობას ნიშნავს

27.10.26 19:58
აბესაძე: დოქების ნაცვლად ინვესტორი 67,761 კვ.მ აშენებას ითხოვს, რაც 10-სართულიან შენობას ნიშნავს

ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო.

როგორც აბესაძე წერს, ,,ინვესტორი” შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც 10-სართულიან შენობას ნიშნავს.

აბესაძე მიიჩნევს, რომ მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს ,,ინვესტორის” წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა.

რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო.

ამ ეტაპზე ,,ინვესტორი” შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 10 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, რიყის ისტორიულ ზონაში არსებული 14,591 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ზედ არსებული შენობა - ,,რიყის დოქები”, ფაქტობრივად უფასოდ გააჩუქდა. ეს სახელმწიფო ქონების აშკარად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფლანგვა-კორუფციაა.

,,რიყის დოქები” - საგამოფენო და საკონცერტო სივრცე უკვე დანგრეულია, ამიტომ ამ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან მისი გაერთიანება შეიძლება იყოს.

მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს ,,ინვესტორის” წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა, - წერს აბესაძე.