საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ხმაური იყო - კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლმა, გიგა ლემონჯავამ საერთაშორისო კონტექსტის საილუსტრაციოდ ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია მოიყვანა.
გიგა ლემონჯავამ თქვა, რომ ევროპარლამენტის მიერ 8 ოქტომბერს მიღებულმა რეზოლუციამ, რომელიც ხმების უმრავლესობით იქნა მიღებული, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა მკაცრად დაგმო.
2026 წლის 8 ოქტომბერს, სარჩელის არსებითად განხილვამდე 5 დღით ადრე ევროპარლამენტმა უპრეცედენტო უმრავლესობით 445 ხმით მიიღო რეზოლუცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა, რომლითაც აკრძალვის სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვა მოითხოვა. წარმოება ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციად, აღმოფხვრად და პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევის სტრატეგიის ნაწილად შეფასდა. რუსეთისა და ბელარუსის მოდელს შეადარეს და მიუთითეს რომ ის კრემლის მიზანს ემსახურება, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დარჩეს“.- განაცხადა ლემონჯავამ.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიტყვა გააწყვეტინა და თქვა, რომ რეზოლუციას სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს:
„ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? საერთაშორისო კონტექსტი ვიცით, ეს რეზოლუციაც ყველამ ვიცით, ყველასთვის ცნობილია. რა შუაშია 8 ოქტომბრის რეზოლუცია ? გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას], რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, სასამართლოს ელაპარაკებით თქვენ“,- აღნიშნა მოსამართლე ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შენიშვნა გააპროტესტა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
„ჯერ ერთი, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს არ ელაპარაკებიან. საჯაროობა არ გულისხმობს სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოსთან დიალოგს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პოლიტიკოსის კრიტიკას ნადფარამ უპასუხა და განმარტა, რომ "სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს ელაპარაკებიან"
„ბატონო ნიკა, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ სასამართლოს ელაპარაკებიან! ჩვეულებრივად მეკადრება, ბატონო ნიკა და უნდა იცოდეთ, რომ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს ელაპარაკებიან.
საჯაროობა ნიშნავს იმას, რომ სხდომას ყველამ მიადევნოს თვალყური და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოთ ვინმემ. მაწყვეტინებთ და წესრიგს არღვევთ! თუ სასამართლოს უწევს იმის განმარტება, რა არის საჯარო სხდომა, განმარტავ, რა არის საჯარო სხდომა. საჯარო სხდომა არის ის, რომ საზოგადოების ყველა ნაწილს მიეცეს საშუალება იმისა, რომ უყურონ, თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო ტრიბუნიდან ელაპარაკოთ ხალხს. სასამართლოს ტრიბუნაზე ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით და ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოსთვის, ვინაიდან აქ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო და არა საზოგადოება. საზოგადოების ინფორმირება ხდება. ბატონ გიორგის მოვუწოდებ, რომ ილაპარაკეთ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით. რეზოლუცია რაც მიიღო, ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესები და არანაირ შემხებლობასთან არ არის კონკრეტულ სარჩელთან“.- განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.