SJC: მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
სოციალური სამართლიანობის ცენტი (SJC) მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა მკვეთრი შემცირება არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს.
მათი თქმით, სხვადასხვა რეგიონში ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების სერიოზული პოტენციალი აქვს.
- მიმდინარე წლის 9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქვეყანაში 163 ათასით შემცირდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე (710 226 ადამიანი) 23%-ით ნაკლებია. დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, ზოგან დრამატულადაც კი:
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (-35.6%);
- გურია (-30.4%);
- კახეთი (-28.6%);
- სამცხე-ჯავახეთი (-28.3%);
- მცხეთა-მთიანეთი (-27.3%);
- იმერეთი (-27.1%);
- სამეგრელო-ზემო სვანეთი (-27%);
- შიდა ქართლი (-26%);
- აჭარის ა/რ (-21.1%);
- თბილისი (-17.5%);
- ქვემო ქართლი (-15.9%).
პროცენტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა ასპინძის (-44.7%), ცაგერის (-40.5%), ყვარლის (-38.5%), ონისა და ბაღდათის (-37.9%), ჩოხატაურის (-37.6%), ყაზბეგის (-36.7%), გურჯაანისა და ვანის (-35.3%) მუნიციპალიტეტებში. შემწეობის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი რაოდენობრივი შემცირება დაფიქსირდა ზუგდიდის (-7 737 პირი), გორის (-6 485 პირი), ბოლნისის (-4 446 პირი), რუსთავისა (-4 267 პირი) და ბათუმის (-4 174 პირი) მუნიციპალიტეტებში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების მასშტაბურ პროცესსა და, აღნიშნულის შედეგად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ეხმაურება. მიგვაჩნია, რომ პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და სხვადასხვა რეგიონში ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების სერიოზული პოტენციალი აქვს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე (710 226 ადამიანი) 23%-ით ნაკლებია. დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, ზოგან დრამატულადაც კი:
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (-35.6%);
- გურია (-30.4%);
- კახეთი (-28.6%);
- სამცხე-ჯავახეთი (-28.3%);
- მცხეთა-მთიანეთი (-27.3%);
- იმერეთი (-27.1%);
- სამეგრელო-ზემო სვანეთი (-27%);
- შიდა ქართლი (-26%);
- აჭარის ა/რ (-21.1%);
- თბილისი (-17.5%);
- ქვემო ქართლი (-15.9%).
პროცენტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა ასპინძის (-44.7%), ცაგერის (-40.5%), ყვარლის (-38.5%), ონისა და ბაღდათის (-37.9%), ჩოხატაურის (-37.6%), ყაზბეგის (-36.7%), გურჯაანისა და ვანის (-35.3%) მუნიციპალიტეტებში. შემწეობის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი რაოდენობრივი შემცირება დაფიქსირდა ზუგდიდის (-7 737 პირი), გორის (-6 485 პირი), ბოლნისის (-4 446 პირი), რუსთავისა (-4 267 პირი) და ბათუმის (-4 174 პირი) მუნიციპალიტეტებში.
ცხადია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება თავისთავად ვერ ჩაითვლება სიღარიბის დაძლევის ან სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლად. სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შეფასებისას გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი ტოვებს დახმარების სისტემას, არამედ ის, რამდენად გაუმჯობესდა მათი მატერიალური მდგომარეობა, შეინარჩუნეს თუ არა წვდომა საბაზისო საჭიროებებზე და არსებობს თუ არა მათი ხელახალი გაღარიბების რისკი. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოაქვეყნოს მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
ჩვენი შეფასებით, სულ რამდენიმე თვეში შემწეობის მიმღებთა ამგვარი დრამატული კლება ორ ძირითად პროცესთანაა დაკავშირებული:
- საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმება: ქვეპროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის (სარეიტინგო ქულით 120 000 და ნაკლები) იყო განკუთვნილი და მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემას ითვალისწინებდა. 2022-2024 წლებში, ამ მექანიზმით 40 000-მდე სოციალურად დაუცველმა ისარგებლა, ხოლო 2026 წლიდან ინიციატივა გაუქმდა. მონაცემების ანალიზისას ჩანს, რომ შემწეობის მიმღებთა შემცირებული რაოდენობის 64% სწორედ ამ მექანიზმის გაუქმებასთანაა დაკავშირებული. ქვეპროგრამაში ჩართულ ოჯახებს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. საშეღავათო დროის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არსებობს ათიათასობით ადამიანი, რომელთაც ამგვარი ფორმით უნარჩუნდებათ სოციალური დახმარება. თუმცა, ამგვარი ბენეფიტის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა თვიდან თვემდე მცირდება. კერძოდ, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველის გარანტირებული სტატუსის მქონე 245 995 ადამიანი აღირიცხებოდა, ხოლო სექტემბრის მდგომარეობით - უკვე 141 653. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან არ ჩანს, თუ საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ოჯახების რა წილი ვარდება სრულად საარსებო შემწეობის სისტემიდან და რამდენს უგრძელდება დახმარება ჩვეულებრივი რეჟიმით.
- საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება: მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივი გადამოწმება დააანონსა. მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდებოდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარება აღარ ესაჭიროებოდათ, ხოლო პანდემიის შემდგომ პერიოდში გადამოწმებების პრაქტიკულად შეჩერების გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესის განხორციელება აუცილებელი იყო.
რამდენიმე თვის წინ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პირველადი შეფასება მიუძღვნა როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმების, ისე საარსებო შემწეობის მიმღებთა მასობრივი გადამოწმების სავარაუდო ეფექტებს და ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღნიშნულ პროცესებთან იქნებოდა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ეს რისკები და პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.
კერძოდ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმების შედეგად, ათასობით ადამიანი გარანტირებული სოციალური შემწეობისა და ყოველთვიური დამატებითი შემოსავლის მიღმა დარჩა. მთავრობას ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, თუ როგორია ამ ინიციატივაში ჩართულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური პროფილი და რამდენად იგეგმება ამ ადამიანებისათვის ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც მათი უკიდურესი სიღარიბის პრევენციას უზრუნველყოფდა. ასევე უცნობია, თუ როდის აპირებს სახელმწიფო, შეიმუშაოს სოციალურად დაუცველთა ღია ბაზარზე დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც მან ჯერ კიდევ 2026 წლის ბიუჯეტის მიღებისას დააანონსა. შექმნილი ვითარება პოლიტიკის რეგრესულ ღონისძიებას წარმოადგენს და უგულებელყოფს სოციალური უფლებების პროგრესული რეალიზაციის პრინციპს, ისევე, როგორც, ადეკვატურობის, საკმარისობის, უწყვეტობისა და განჭვრეტადობის პრინციპებს.
მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა გადამოწმების პროცესი არაერთ კითხვას აჩენს ამ პროცესის ჩატარების დროსთან, ინსტრუმენტებსა თუ ეფექტებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის,
- ბუნდოვანია, თუ რატომ არ გადამოწმდნენ ოჯახები პანდემიიდან თუნდაც 1-2 წლის გასვლის შემდეგ, და რამდენად არის ამ პერიოდებში გადამოწმებისგან თავის შეკავება საარჩევნო ციკლთან დაკავშირებული.
- პრობლემურია მდგომარეობის შემოწმების ინსტრუმენტებიც. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, წლებია, მიუთითებდა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისა და ქულის მინიჭების სისტემის გამოწვევებზე, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ყველა ოჯახის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს და საჭიროების მქონე არაერთ შინამეურნეობას მინიმალური მხარდაჭერიდან რიყავს. მაგალითისთვის, მეთოდოლოგია ისეთ ცვლადებს (მაგ., პარკეტის არსებობა, კომუნალური გადასახადები და სხვა) მოიცავს, რომლებსაც შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირი კავშირი შესაძლოა არ ჰქონდეთ ან/და მათ მოწყვლადობას ზუსტად ვერ ასახავდნენ. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სისტემის მიერ ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 20%-ის სისტემიდან გამორიცხვის შეცდომები 58%-მდე იყო, ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სოციალური შემწეობის სისტემის მიღმა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 47 % იყო დარჩენილი.
- მიუხედავად ამისა, ქულის დათვლის სისტემის კომპიუტერიზებული ხასიათი თითქმის გამორიცხავს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას და შინამეურნეობების ხელახალ შეფასებას მხოლოდ 1 წლის შემდგომ უშვებს. აღნიშნული, თავის მხრივ, ოჯახების გამოწვევებს უგულებელყოფს და მათ გადარჩენას მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს.
მიმდინარე პროცესების დაკვირვების შედეგად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია რამდენიმე ტენდენციას აჩვენებდეს.
ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების წილი 33%-ს აღემატება. მისი მითითებით, სოციალური ხარჯები დასაშვები ნორმისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, ხოლო მისი გადალახვა ხელს შეუწყობს ინფლაციას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კუთხით, საარსებო შემწეობის პროგრამის ბენეფიციარების მკვეთრი შემცირება სოციალურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
აღნიშნული პროცესების კიდევ ერთ მიზეზს, სავარაუდოდ, სიღარიბისა და საარსებო შემწეობის სტატისტიკის შედარებითი თანხვედრის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად აპელირებს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებაზე, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა და მთავრობის სოციალური პოლიტიკის კრიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს ქმნიდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ამგვარი დრამატული შემცირება მნიშვნელოვან კითხვებთანაა დაკავშირებული. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს საარსებო შემწეობა თუნდაც მეთოდოლოგიის ნაკლოვანების გამო მოუხსნეს, ეს სოციალური უფლებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება ნამდვილად იმ ოჯახების ამოღებამ განაპირობა, რომელთაც საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ და დახმარება არ/აღარ ესაჭიროებოდათ, შემოდის მილიონობით ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი განკარგვის საკითხები, რაც, თავის მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს.
სოციალური დაცვის ერთიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სისტემის არარსებობის პირობებში, საარსებო შემწეობა მოსახლეობის ფულადი მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მექანიზმს წარმოადგენს. სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, მან ვერ შეძლო, არსებითად დახმარებოდა შინამეურნეობებს სიღარიბის დაძლევაში. სამწუხაროდ, ათიათასობით მოქალაქე წლების განმავლობაში რჩება სისტემაში და სახელმწიფოს ფულად გასაცემლებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, სოციალურად დაუცველის ქულა და სტატუსი ოჯახების გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. უმოკლეს ვადებში სისტემიდან ადამიანების მასობრივი ამორიცხვა აჩენს ბლანკეტური მიდგომების განცდასა და იწვევს შეცდომების დაშვების მაღალ ალბათობას. იმის გათვალისწინებით, რომ ქულები არა მხოლოდ საარსებო შემწეობის, არამედ სხვა არაერთი ბენეფიტის (მაგ., უფასო ტრანსპორტის, უფასო სასადილოს, ერთჯერადი ფულადი დახმარებების და სხვა) გაცემის წინაპირობაა, სისტემის მიღმა დარჩენას ოჯახებზე მკვეთრად უარყოფითი ეფექტი ექნება და მათ კიდევ უფრო მეტ სოციალურ მოწყვლადობას შეუწყობს ხელს. შედეგად, შესაძლებელია, რომ ფორმალურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მცირდებოდეს, თუმცა მოსახლეობაში რეალური სოციალური ფონი უფრო მეტად მძიმდებოდეს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დამატებითი განმარტებები გააკეთოს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ,
- უზრუნველყონ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების მიზეზებისა და შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის საჯაროობა. მათ შორის, გამოაქვეყნონ მონაცემები იმ ოჯახების რაოდენობის, შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც გადამოწმების შედეგად შეუწყდათ დახმარება;
- შეაფასოს მიმდინარე ცვლილებების გავლენა სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებსა და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე. მათ შორის, გამოავლინოს, რამდენად გაიზარდა საჭიროების მქონე ოჯახების სისტემიდან შეცდომით გამორიცხვის რისკი და რა გავლენა იქონია დახმარების შეწყვეტამ ბავშვების მქონე ოჯახებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ხანდაზმულებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. შეფასების შედეგების საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი პრევენციული და მხარდამჭერი ღონისძიებები.
- წარმოადგინოს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ყოფილი მონაწილეების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა. გეგმა უნდა მოიცავდეს ღირსეული დასაქმების ხელშეწყობას, პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმების არსებული ბარიერების შემცირებას.
- დაიწყოს საარსებო შემწეობის სისტემის მეთოდოლოგიისა და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმების სისტემური გადახედვა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. რეფორმა უნდა იყოს მიმართული საჭიროების მქონე ოჯახების სისტემიდან შეცდომით გამორიცხვის პრევენციისკენ, სოციალური დახმარების ადეკვატურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ და სოციალური დაცვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებასა და ადამიანების სოციალური უფლებების დაცვას.
- გამოიყენოს ანგარიშვალდებულების მექანიზმები და განმარტოს, თუ არსებობდა ეჭვი, რომ საარსებო შემწეობას არაუფლებამოსილი ოჯახები იღებდნენ, რატომ არ განხორციელდა მათი გადამოწმება უფრო ადრეულ პერიოდში, რა გარემოებებმა განაპირობა პროცესის მასშტაბურად დაწყება სწორედ 2026 წელს და რა კრიტერიუმებით განისაზღვრა მისი განხორციელების დრო და მასშტაბი.