ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სასამართლოში მიყვანასა და ჩვენების მიცემას ითხოვს

30.10.26 23:45
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სასამართლოში მიყვანასა და ჩვენების მიცემას ითხოვს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემას წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ითხოვს. მისი ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ქვაჭრელიშვილს სურს, სასამართლოს საჯაროდ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც, მისი შეფასებით, საქმის გარემოებების დადგენისთვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქვაჭრელიშვილი სასამართლო პროცესზე მიყვანას ითხოვს, რათა პირადად ისაუბროს მისთვის ცნობილ ფაქტებზე.

სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმის განხილვა დაიწყო.

სასამართლო პროცესზე მიყვანასა და ჩვენების მიცემას ითხოვს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.

დიმიტრის სურს, სასამართლოში საჯაროდ ისაუბროს ყველა იმ ფაქტზე, რომლის შესახებაც მას ინფორმაცია აქვს და მის ხელთ არსებული ინფორმაციით დაეხმაროს სასამართლოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის საქმეებზე საგამოძიებო ორგანო წლებია უმოქმედობას აგრძელებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ, სულ მცირე, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მაინც არ დარჩება სახელმწიფო უმოქმედო და დიმიტრი ქვაჭრელიშვილს მიეცემა შესაძლებლობა, სასამართლოს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, - წერს ინტერესების დამცველი. 

აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მედეა ცირამუამ განაცხადა, რომ ქვაჭრელიშვილი გამოძიების ეტაპზე უკვე გამოიკითხა და სასამართლოს წინაშეც მისცემს ჩვენებას.

პარალელურად, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილისა და მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი კავილაძის მამის დაკითხვას ითხოვს. ომაძის განცხადებით, საქმის მასალებში ორივე პირის შესახებ ისეთი ინფორმაცია არსებობს, რომელიც, მისი აზრით, მკვლელობის გარემოებების გარკვევას შეიძლება დაეხმაროს.

ამ მოთხოვნებს წინ უძღოდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომლებიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების დაკავების ღამეს ეხება.

ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავების შემდეგ, წყნეთის პოლიციის განყოფილებაში, მათ მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა სულხან თამაზაშვილმა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებმა - კახა მურადაშვილმა, კახაბერ სირაძემ და გელა ქურდაძემ.

ყოფილი პოლიციელის მტკიცებით, დაკავებულებმა სამართალდამცველებს მკვლელობის მოტივზე, მიმალვის ადგილებსა და დანაშაულის სანაცვლოდ მიღებულ ფინანსურ სარგებელზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ქვაჭრელიშვილი ასევე აცხადებს, რომ პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა მკვლელობასთან ძმები კაკულიების სავარაუდო კავშირის შესახებ დაკავების დღიდან იცოდნენ.

მისივე მტკიცებით, დაკავებულების ჩვენების მოსმენის შემდეგ სულხან თამაზაშვილი სატელეფონო კავშირზე იმყოფებოდა პირთან, რომელსაც „ანზორიჩად“ მოიხსენიებდა. საჯარო სივრცეში გამოითქვა ვარაუდი, რომ საუბარი შესაძლოა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ეხებოდა.

თავის მხრივ, სულხან თამაზაშვილი ქვაჭრელიშვილის ბრალდებებს უარყოფს, მას ცრუ მოწმეს უწოდებს და ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან პირად კონტაქტს გამორიცხავს.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში პროკურატურამ ბრალი ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას წარუდგინა. მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს დაიწყო.

დავით და გურამ კაკულიები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიღებული ჭრილობების შედეგად იგი მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

მკვლელობისთვის ალეკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.