თბილისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია აღმოჩენილი

31.10.26 10:51
თბილისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში უცხოეთიდან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა.

მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.