გორში ნაცემი ახალგაზრდების საქმე - "დაზარალებულმა პოლიციელებზე თქვა, პრეტენზია არ მაქვს, თუ გინდათ გაუშვითო"
პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები მალე შეიძლება თავისუფლებაზე იყვნენ - როგორც 4 ნოემბერს გორის სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, ყველა პოლიციელი საპროცესოს ითხოვს.
პოლიციელებისთვის შეღავათების დაწესებას ეთანხმება ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა აბისულაშვილი, რომელმაც 4 ნოემბერს სასამართლოს ჩვენება მისცა.
როგორც ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე "პირველებს" უყვება, სხდომაზე აბისულაშვილმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მას პოლციიელებსი მიმართ პრეტენზიები არ აქვს.
27 მაისს გორში მომხდარ ჯგუფურ ანგარიშსწორებაზე 6 პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული - ვლადიმერ გოდერძიშვილი; ვანიკო მისირელი; გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი; ალექსი ბადალოვი; ბესო მალაციძე და საბა წაველიძე.
დაზარალებული რომ დაიკითხა წინა სხდომაზე, მან თქვა, რომ ბადალოვს საერთოდ არავითარ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა, უბრალოდ იქ იყოო. სხვები დაასახელა კი. ჩემთვსიაც მოულოდნელი იყო ამ ადამიანის მიერ მიცემული ჩვენების ეს გარკვეული ნაწილი. კი ეს დააფიქსირა, რომ თანახმაა დაკავებულებს შეღავათები დაუწესდეს. მან ყველაზე თქვა, რომ მე პრეტენზია არ მაქვს, თუ გინდათ გაუშვით ეს ხალხიო, ჩემი პოზიცია ეს არისო, ყველაზე ეს დააფიქსირა, თუმცაღა ბადალოვზე თქვა, რომ მას საერთოდ დანაშაული არ ჩაუდენია. ყველას მიმართ დააფიქსირა რომ პრეტენზია არ აქვს", - ამბობს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
რა მოხდა გორში?
- 27 მაისს პოლიციამ გორში 30 წლამდე კაცზე, პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
- პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
- გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი - ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე დააკავეს;
- პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავადაც ბრალდებულის სტატუსს ატარებს - კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;
- რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პოზიციას, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.