"ფლანგვის დეტექტორი": თბილისის მერიის ტენდერების 40%-ზე მეტში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა

06.11.26 15:56
"ფლანგვის დეტექტორი": თბილისის მერიის ტენდერების 40%-ზე მეტში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა

თბილისის მერიის შესწავლილ ელექტრონულ ტენდერებში ერთი მონაწილის წილი 2024–2026 წლებში 37–46%-ის ფარგლებში იყო. 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით კი ტენდერების თითქმის 77%-ში მაქსიმუმ ორი კომპანია მონაწილეობდა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ორგანიზაციის თქმით, ეს ციფრები აჩვენებს, რომ მუნიციპალური შესყიდვების დიდ ნაწილში მონაწილეთა წრე ვიწროა და კონკურენციის შესაძლებლობა შეზღუდული რჩება.

როგორც "ფლანგვის დეტექტორი" იუწყება, 2024 წელს წარმატებით დასრულებული 220 ელექტრონული ტენდერიდან 102-ში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო. 2025 წელს ასეთი ტენდერების წილი 46.36%-დან 37.18%-მდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით 43.59% შეადგინა: 156 ტენდერიდან 68-ში შემსყიდველს მხოლოდ ერთი მონაწილის შეთავაზება ჰქონდა.

2025 წელს ერთი მონაწილის მქონე ტენდერების წილი შემცირდა, თუმცა 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ისევ 40%-ს გადააჭარბა. სამივე პერიოდში შესწავლილი ტენდერების მესამედზე მეტში მერია სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებებს შორის არჩევანის გარეშე დარჩა", - წერს ფლანგვის დეტექტორი. 

რას ნიშნავს მხოლოდ ერთი შეთავაზება:

  • ტენდერი შემსყიდველს სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებების შედარების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს. როდესაც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია იღებს, ეს არჩევანი ქრება და სუსტდება კონკურენტული ზეწოლა ფასზე. შემსყიდველი ვეღარ ხედავს, შესთავაზებდა თუ არა სხვა მიმწოდებელი იმავე საქონელს ან მომსახურებას უკეთესი პირობებით.
  • როდესაც ასეთი შედეგი ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში მეორდება, კონკურენციის სიმცირე ცალკეული შესყიდვის ფარგლებს სცდება. მერიის წინაშე დგას ამოცანა, გააფართოოს მონაწილეთა წრე და გაარკვიოს, რა უშლის ხელს სხვა მიმწოდებლებს შესყიდვებში მონაწილეობაში.
  • ევროკომისიის Single Market and Competitiveness Scoreboard-ის მეთოდოლოგიით, ერთპრეტენდენტიანი შესყიდვების 10%-მდე წილი დამაკმაყოფილებელია, 20%-ზე მეტი კი - არადამაკმაყოფილებელი. ამ შეფასების ჩარჩოს ფონზე თბილისის მერიის 37–46%-იანი მაჩვენებელი პრობლემის მასშტაბს გამოკვეთს: ის ევროპულ 20%-იან ზღვარს დაახლოებით ორჯერ აღემატება.

ერთი მონაწილის სტატისტიკა სურათის მხოლოდ ნაწილია. ორგანიზაციის თქმით, 2024 წელს ერთი ან ორი კომპანია მონაწილეობდა მერიის 220 შესწავლილი ტენდერიდან 150-ში, ხოლო 2025 წელს - 234-დან 156-ში. ორივე წელს ასეთი შესყიდვები მთლიანის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენდა. 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით მათი წილი 76.92%-მდე ავიდა: 156 ტენდერიდან 120-ში მონაწილეთა რაოდენობა ორს არ აღემატებოდა.

კონკურენციის სიმცირე ასუსტებს ფასის შემცირების სტიმულს და ზრდის რისკს, რომ შემსყიდველმა საქონელსა თუ მომსახურებაში იმაზე მეტი გადაიხადოს, ვიდრე უფრო ფართო შეჯიბრის პირობებში გადაიხდიდა. მცირდება მიმწოდებლებზე ზეწოლაც, გააუმჯობესონ ხარისხი და შესრულების პირობები. საჯარო ბიუჯეტისთვის ეს თანხის უკეთ გამოყენების დაკარგული შესაძლებლობის რისკია.

მონაწილეთა ვიწრო წრე ყურადღებას სატენდერო პირობებზეც ამახვილებს. საჭიროებასთან შეუსაბამოდ მკაცრი გამოცდილების მოთხოვნა, შეთავაზების მოსამზადებლად მცირე დრო და დიდი მოცულობის სამუშაოების ერთ კონტრაქტში გაერთიანება კომპანიებს ბაზარზე შესვლას ურთულებს. ამ ბარიერების გამოვლენა და მოხსნა კონკურენციის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი გზაა", - წერს ორგანიზაცია. 

"ფლანგვის დეტექტორის" თანახმად, დაბალი კონკურენცია ზრდის კორუფციულ რისკებსაც: ვიწრო წრეში უფრო მაღალია შესყიდვის პირობებზე გავლენის, კომპანიებს შორის შეთანხმებისა და შემსყიდველის კონკრეტულ მიმწოდებლებზე დამოკიდებულების საფრთხე. ამიტომ განმეორებით მცირე მონაწილეობის მქონე ტენდერები მერიისა და ზედამხედველი ორგანოების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები