არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში - მუსელიანცის გზავნილი ციხიდან
აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არაერთი კორესპონდენციისა, რომელშიც მას შეწყალების დაწერას სთხოვენ, ის არ არპირებს “რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში.“
მუსელიანცი არ გამორიცხავს, რომ “ეს ქოცების ხრიკია, რომ როგორმე დააწერინონ შეწყალების განცხადება და მერე აფრიალონ ეს ფურცელი და ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს“.
“დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“
ზვიად გამსახურდია
განგებ დავიწყე ჩემი მიმართვა თქვენთვის ზვიად გამსახურდიას სიტყვებით. ჩემო თანამოქალაქენო, ღირსეულო და მამაცო ერო, ამ მიმართვას ვწერ და დღეს 700 დღე შეუსრულდა პროტესტს, თუმცა ამ მიმართვას, საერთო ჯამში, მივუძღვენი პროტესტის 2 წელიწადს, პროტესტის 2 წელიწადს და ჩემი პატიმრობის 2 წელიწადს. ამ მიმართვაში ვისაუბრებ ყველაფერზე და შევეხები ყველა თემას.
ჩემი დაკავების პირველ დღიდან, ასევე სასამართლოს პირველივე სხდომიდან, მე განვაცხადე, რომ მე არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასეც არის და ასეც იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში.
ბოლო პერიოდში მომდის კორესპოდენციები ჩემთვის პირადად უცნობი ადამიანებისგან, სადაც გულმოდგინედ და მწუხარებით მთხოვენ შეწყალების დაწერას, ვინაიდან დროზე ადრე ციხიდან გამოსვლის სხვა პერსპექტივა არ არსებობს და მხოლოდ ასეთი ქმედებით მე შევძლებ ციხის დატოვებას, რადგან გამომგზავნების თქმით, საზოგადოება დაყოფილია ნიჰილიზმით, უიმედობით, უპერსპექტივობით გაჟღენთილი საზოგადოება ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არის დაკავებული, ვინაიდან ეგოიზმმა და ამპარტავნობამ შეიპყრო. შესაძლოა, ეს ქოცების ხრიკია, რომ როგორმე დამაწერინონ შეწყალების განცხადება და მერე აფრიალოს ეს ფურცელი და ისევ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ მე მაინც უნდა დაგისვათ კითხვა, ეს მართალია?
ნუთუ დაგვავიწყდა წარსული? ნუთუ არ გვახსოვს რა ემართება ქვეყანას, როცა მისი საზოგადოების ნაწილი ერთმანეთის ლანძღავს, ნაწილი უიმედობაში და ნიჰილიზმშია ჩავარდნილი. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ მტერი ფეხს იდგამს, „დაყავი და იბატონე!“. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პარტიულობას, როცა ქვეყანა დიქტატურის უფსკრულში ვარდება? ნუთუ ერთად ყოფნა, ერთად ბრძოლა, ერთად, ერთის წინააღმდეგ ასეთი ძნელია? ნუთუ ერთიანობის მიზეზი ასეთი მიუღწეველია, როცა ახალგაზრდების ნაწილი ბარიგებად აქციეს, როცა ახალგაზრდების მეორე ნაწილი უკანონო მძარცველ ქოლცენტრებში დასაქმდა, როცა ახალგაზრდობის მესამე ნაწილი იძულებულ ემიგრაციაში გაუშვეს? ნუთუ ძნელია ერთობის მიზეზი გაძვირებული საკვები იყოს? სანამ ერთმანეთს ლანძღავთ ნელ-ნელა კომუნალურებს გიძვირებენ, სანამ ერთმანეთს ლანძღავთ, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს სკოლებს და ბაღებს უნგრევენ, სანამ ერთმანეთს ლანძღავთ, დავით გარეჯი დაიკარგა, სანამ ერთმანეთს ლანძღავთ, გელათი ინგრევა, სანამ გაიძახით იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები, კაზინოები თქვენს ოჯახებს ძარცვავენ. სანამ ერთმანეთს უპირისპირდებით, საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟის ტენდერია გამოცხადებული, სანამ ერთმანეთს ლანძღავთ, 1 ოჯახი ყიდულობს ბილეთს და ტოვებს საქართველოს.
ახლა წარმოიდგინეთ რას ფიქრობს ის ხალხი, ვინც უკანონოდ არის დაპატიმრებული ამ ყველაფრის შემხედვარე, რას იფიქრებს ის ხალხი, ვისაც იზოლატორები აქვს გამოვლილი და მრავალჯერადი ჯარიმები აქვს დაკისრებული? ბრძოლა, თავისი არსით უნდა გამხდარიყო ერთიანობის საწინდარი, ერთიანობის და არა დაპირისპირების, თუმცა ვხედავ საპირისპიროს.
2 წელია პატიმრობაში ვარ და ყოველდღე ვფიქრობ, როგორი დამხვდება საქართველო 2028 წელს, როცა გავთავისუფლდები. ცოტა არ იყოს მაშინებს, ახლა რა დღეშია ქვეყანა და მერე რა იქნება, მაგრამ ჩემი კარგებო და კეთილებო, მე მჯერა თქვენი, მე მჯერა იმის, რომ თქვენ გამონახავთ გზას დაუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. მე მჯერა, რომ თქვენ გამონახავთ გზას და დადგებით გვერდიგვერდ ერთიანი მიზნისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის.
28 ნოემბერს, 2 წელი გახდება, რაც რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს დამორჩილება, საქმეც მაგაშია, 2 წელია რუსეთმა ვერ დაიმორჩილა საქართველო, ვინაიდან არსებობთ თქვენ, მამაცი, პატრიოტი ადამიანები.
28 ნოემბერს, უნდა ვანახოთ კიდევ ერთხელ, თუ ვინ არის საქართველო. არ გამოხვიდეთ რომელიმე პარტიისთვის, გამოდით საქართველოსთვის, სამშობლოსთვის, ვინაიდან სამშობლო ხართ თქვენ, ხალხი.
გამოდით ნარკომანიის წინააღმდეგ, გამოდით გაძვირებული სურსათის წინააღმდეგ, გამოდით გასუქებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, გამოდით სოციალურად დაუცველების ჩაგვრის წინააღმდეგ, გამოდით მიუსაფარი ცხოველების მკვლელობის წინააღმდეგ, გამოდით ყველა ჩაგრულისთვის, გამოდით თქვენთვის, თქვენი და თქვენი შვილების მომავლისთვის, გამოდით საქართველოსთვის.
ზღაპრის ბოლო კეთილი არ იქნება, თუ ერთიანობას ვერ შევძლებთ.
პატივისცემით და სიყვარულით
არჩილ მუსელიანცი"
28.10.2026
ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.