ფეიქრიშვილის საქმის პროკურორი: გაჩნდა საფუძველი, რომ ხელახლა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები
გიორგი ფეიქრიშვილის პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო. როგორც საქმის პროკურორმა თქვა, გაჩნდა საფუძველი, რომ ხელახლა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები და სწორედ ამიტომ, სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიმართეს.
პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე იქნა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.
საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კომპლექსური, რის შედეგადაც, გაჩნდა საფუძველი, რომ კვლავ ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს, გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა ის საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე იქნა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული, და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დატოვა ძალაში.
რაც შეეხება მოპოვებულ მტკიცებულებებს - მოცემულ საქმეზე ჩატარებულია კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებულია დაზარალებულის ჩვენება, რომელიც გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან, ასევე, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, რომლებიც ამ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ. შეხვედრის ამსახველი კადრები დევს საქმეში, ვინაიდან დაზარალებული შევიდა საცხოვრებელ სახლში, - ამბობს პროკურორი.
გიორგი ფეიქრიშვილი 22 სექტემბერს დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.