დამოუკიდებელი სივრცე “ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა, ის დახმარებას ითხოვს
დამოუკიდებელი სივრცე “ლიმენა“ დახურვის საფრთხის წინაშეა, ის დახმარებას ითხოვს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რთულ პერიოდებს დონორი ორგანიზაციების დახმარებით უმკლავდებოდნენ, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, ეს რესურსიც გამოაცალათ. შესაბამისად, იძულებულები გახდნენ, დაიწყონ კამპანია „გადაარჩინე ლიმენა!“
დამოუკიდებელი სივრცე „ლიმენა“, ფოთში, უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც კულტურული, სოციალური, შემეცნებითი და საგანმანათლებლო მიმართულებით ფუნქციონირებს.
ქალაქში ის ერთადერთი გავლენებისგან თავისუფალი სივრცე და ახალგაზრდების შეკრების მთავარი ადგილია.
ამ დროის განმავლობაში:
განვახორციელეთ 200-ზე მეტი არაფორმალური განათლების აქტივობა, გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალი „ციალი“, ტრენინგი და ვორქშოპი.
ვართ ღია დისკუსიების, კრიტიკული აზროვნების, დებატებისა და პროტესტის გამოხატვის ერთადერთი თავისუფალი ადგილი.
ჩვენ არასდროს ვუშინდებოდით პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას. მრავალჯერ გამოგვივლია დაშინებისა და თავდასხმის მცდელობები, რომელთა მთავარი მიზანიც ჩვენი გაჩუმება იყო. მაგალითად, 2024 წლის ფიზიკური თავდასხმის დროს თავდამსხმელი სწორედ ამ მუქარას გვიმეორებდა: „მალე დაგხურავთ!“.
რთულ პერიოდებს დონორი ორგანიზაციების დახმარებით ვუმკლავდებოდით, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რეპრესიებმა, ზეწოლამ, საგრანტო დაფინანსების ჩახშობამ და დამოუკიდებელი სივრცეების წინააღმდეგ მიმართულმა დაუსრულებელმა ბრძოლამ ყოველგვარი რესურსი გამოგვაცალა.
დღეს „ლიმენა“ მარტივი საოპერაციო ხარჯების დაფარვასაც ვეღარ ახერხებს. საფრთხეშია შენობაც, რადგან იჯარის გადახდის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. მეპატრონეს ვთხოვეთ, გაზაფხულამდე გაენახევრებინა იჯარის თანხა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სივრცის 15 დღეში დაცლა მოითხოვა.
შენობა, სადაც სივრცეა განთავსებული, ჩამოქცეული და მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, როცა ჩავიბარეთ. მის აღსადგენად და ახალი ფუნქციის მისანიჭებლად უზარმაზარი შრომა გავწიეთ.
მიუხედავად ამისა, შენობის მესაკუთრეს არც ჩვენ მიერ ჩადებული რესურსი აინტერესებს და არც არსებული მდგომარეობა - ის 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვს. სამწუხაროდ, ეს მიდგომა, ხელისუფლების მსგავსად, მტრულ განწყობასა და ფასეულობებში აცდენას ადასტურებს.
„გადაარჩინე ლიმენა!“
სწორედ ამიტომ მივედით ჩვენთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებამდე და ვიწყებთ კამპანიას: „გადაარჩინე ლიმენა!“
ჩვენი ბოლო იმედი ის ადამიანები ხართ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ ჩვენთან, გისარგებლიათ თუნდაც ერთი სერვისით და გესმით ის იდეა და ღირებულებები, რასაც „ლიმენა“ ემსახურება.
გვჯერა თქვენი მხარდაჭერის, რათა არ გაჩერდეს ფოთში ერთადერთი პროევროპული და ალტერნატიული სივრცე, რომელიც კიდევ ბევრ სიკეთეს მოუტანს ქალაქსა და მის მკვიდრებს - განსაკუთრებით, ახალგაზრდების იმ ჯანსაღ ნაწილს, რომელსაც საკუთარ ქალაქში პროგრესი და განვითარება სურს.
თუ გსურთ, რომ „ლიმენამ“ განაგრძოს არსებობა, შეგიძლიათ მხარდაჭერა შემდეგი გზებით გამოხატოთ:
საბანკო ანგარიში:
ტბს ბანკი -
GE65TB0400000001700001
მიმღები - ააიპ ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
ან გააზიარე და შემოუერთდი კამპანიას და გადაარჩინე ლიმენა!,- წერია განცხადებაში.