ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზი დემარშით დატოვეს

09.12.21 16:52
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზი დემარშით დატოვეს

პოლიტიკური ანგარიშსწორების სასამართლო პროცესი  მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დემარში პროკურატურის წინასწარ მომზადებულ შემაჯამებელ სიტყვას მოჰყვა.

პროკურატურამ მთავარი ფიგურანტების დაკითხვის შემდეგ წინასწარ მოტანილი ტექსტის კითხვა დაიწყო, რამაც ბრალდებულების პროტესტი  გამოიწვია.

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამბობს, რომ აღნიშნულ პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს და პროკურორის მიერ წინდაწინ მომზადებულმა საბრალდებო  დასკვნამ ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყო. 

უცბად დავინახეთ, რომ 30 გვერდიანი დასკვნა საბრალდებო მზად არის. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს სიმართლის დადგენა, წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი. ეს არის ტიპიური საბჭოური, ბიძინა ივანიშვილის მართული, პროკურატურა. დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირ სამართალთან ამ პროცესს საქმე არ აქვს. ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარდა, არ ჰყავს მომჩივანი, არანაირი ფულის მითვისება არ ყოფილა, რაც ყველაზე მთავარია, არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა, - განაცხადა ხაზარაძემ პროცესის შემდეგ. 

საქმის სხვა ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელიც დღეს სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა, აღნიშნულ საქმეს შეთხზულს უწოდებს და პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითად მოიხსენიებს. 

რა თქმა უნდა, ჯგუფურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ოღონდ ამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ ის პროკურორები, რომლებიც იდგნენ ამ ბრალდების უკან. ეს არის შეთხზული და არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, - თქვა ჯაფარიძემ. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი გამოკითხნენ. 

მსგავსი სიახლეები