ხოშტარია მოსამართლეთა პლენუმს: გავრილოვის სკამში ჩასმამ ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა?

14.11.26 15:02
ხოშტარია მოსამართლეთა პლენუმს: გავრილოვის სკამში ჩასმამ ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა?

"დიახ, ბატონო მოსამართლე, ზუსტად ასევე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს " - ასე პასუხობს ციხიდან ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს, რომელმაც სხდომაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" მისამართით თქვა: „თქვენს პარტიაში, ერთი ლიდერი არის,რომელიც დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო“.

დროას ლიდერი მიმართავს მოსამართლეთა პლენუმსაც და პირდაპირ ეუბნება, რომ მათი განხილული საქმის ყურებისას "გული უკვდება". 

პოლიტიკოსი, რომელიც კალაძის ბანერზე ფლომასტრით დატოვებული წარწერის გამო გაასამართლეს, მოსამართლეეებს ეკითხება, რატომ არ წუხდებიან იმ ფაქტების გახსენებით, რომელიც მისი თქმით, გასახსენებლადაც კი შემზარავია:  ხოშტარია იხსენებს - ხაბეიშვილის ცემის, გავრილოვის ღამის და უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებს.

"მაკო გომურის თვალების დათხრამ, გავრილოვის სკამში ჩასმამ ან ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა - შეურაცხყოფილი რომ ყოფილხართ „ვეტინგის“ სისტემით" - ეკითხება მოსამართლეებს ხოშტარია. 

გული მიკვდება, ოღონდ, გული მიკვდება იმაზე კია არა, რომ პარტიებს აკრძალავთ ან დანაშაულს ჩაიდენთ, იმაზე კი არ მიკვდება გული, რომ თქვენ დავალებას ასრულებთ, სამწუხაროდ, ამას უკვე შეგუებული ვარ, ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს. ტყუილის თქმის ეს სიმსუბუქე, თამაშის ეს მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის. თქვენ თავს გაეცით პასუხი, მე არ მჭირდება პასუხები. თქვენ გაეცით თქვენ თავს, თქვენ ახლობლებს, თქვენ შვილებს და ოჯახის წევრებს. შეწუხებული სახით, ძალით დაღვრემილი სახით, რომ იძახით „ქვის სროლა და „მოლოტოვის“ სროლა, განა გაგებულა? ეს ძალადობა არ არის?“, ამას, რომ იძახით, ძალიან დიდი ბოდიში, ასე რომ შეწუხებულხართ, თქვენ, წლების განმავლობაში, ჩვენი ასი ათასი მოქალაქის ფონზე, რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ჯერ ამ კითხვას მინდა გასცეთ პასუხი. რამდენი ცალი „მოლოტოვი“ დაინახეთ? ერთი თითი გეყოფათ ამის ჩამოსათვლელად. მეორე მხრივ, რაები დაინახეთ, ახლავე მოგახსენებთ, ოღონდ, დაინახეთ და არ გინდათ, რომ აღიაროთ.

ან ქვის სროლაზე რომ ლაპარაკობთ, „ქვის სროლა კარგია, თუ ცუდია“, თქვენ მოსამართლეებმა, არ იცით, რომ ასე, ცალკე აღებული ქვის სროლა არაფერი არ არსებობს? ქვის სროლა შეიძლება იყოს სპორტი, ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდასხმა და ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდაცვა და თქვენ არ იცით, ის კონტექსტი, სად იყო ის ქვის სროლა? რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ, დასისხლიანებული, ღიად სპეცრაზმის ნაცემი?! რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? ან გორდულაძეს, ოლიმპიელ სპორტსმენს ამოფარებული ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს, სუს-ს ამოფარებული, რატომ არ მოსთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს?! ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, „სისტემურად“, თქვენ რომ გიყვართ ეს სიტყვა, გამზადებული „მარშუტკები“ რომ მოაყენეს ადამიანების საწამებლად. ან იმან რატომ არ შეგაწუხათ პატივცემულ ჟურნალისტს სახეში რომ აფურთხებენ?! ან იმან რატომ არ შეგაწუხათ ღობე რომ გადაჭრეს და ... კობახიძე, სიურპრიზს უწყობს საზოგადოებასო? ასე, ღიად და გადაჭრილი ღობე რომ დახვდათ? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, ჩვენი თანამოქალაქე, ადამიანი, ახალგაზრდა ხელებით ეჭირათ პოლიციელებს და წიხლებს ურტყამდა. ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ ან მაკა ჩიხლაძის სახემ რატომ არ შეგაწუხათ? ან გაშიშვლებული ქალების სახეებსა და თვალებს, რატომ არ ხედავთ ყოველ დღე და ბუქნებ გაკეთებულს? ვერაფერი ეს ვერ დაინახეთ და უბრალოდ, დაინახეთ, „ქვა მოფრინავს“.

ახლა შეურაცხყოფაზე გადავიდეთ - შეურაცხყოფილი ყოფილხართ „ვეტინგის“ სისტემით და შეურაცხყოფილი ხართ მაია კოპალეიშვილისგან და განახორციელეთ ვითომ თვენი ადგილობრივი ძალაუფლება, რომელიც იმ ოთახს არ სცილდება, მარტო ამის უფლება მოგცათ ბიძინა ივანიშვილმა.

ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, მაგან რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფამ, რის გამოც მერე მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს თვალები დასთხარეს, ცხოველის ტყვიებით? ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა. ან ზოგადად, ცრუ მოწმეები რომ დგებიან ხოლმე თქვენ პატივსაცემ სასამართლო მაგიდასთან და ტყუილებს რომ იძახიან, თქვენ რომ ყველაზე კარგად იცით, ტყუილებს, რომ იძახიან, ეს რატომ არ შეურაცხგყოფთ? მხოლოდ ის შეურაცხგყოფთ, მაია კოპალეიშვილმა სიმართლე რომ გითხრათ?!

ახლა, დაუმორჩილებლობაზე მინდა ვთქვა - მე მგონი, [სერგო] მეთოფიშვილი კითხვას სვამდა, კითხვის დასმა უნდოდა კოალიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე და ჩემი ხსენება უნდოდა, „თქვენს პარტიაში, ერთი ლიდერი არის,რომელიც დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო“. დიახ, ბატონო მოსამართლე, ზუსტად ასევე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს ზოგადად იმიტომ, რომ მე, თქვენ მთავაზობთ, რომ ფლომასტერის ქიმიურ ექსპერტიზას დავესწრო სასამართლო დარბაზში, სერიოზული სახით ვიდგე და გავაგრძელო ჩემი პატივისცემა. თქვენ, მე მთავაზობთ, რომ ტროტუარზე დგომა დანაშაულია, დავიჯერო, შევასრულო, სასამართლოზე დავდგე და ჩემს თავს პატივი ვცე, ამის შემდეგ. თქვენ მე მთავაზობთ, „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტი დანაშაულად ვაღიარო, მერე დავესწრო ამ სასამართლოს და მერე გავაგრძელო თავის პატივისცემა და ჩემი ქვეყნის მსახურება. ყველაზე კარგად იცით თქვენ, რომ მე, რასაც ვლაპარაკობ, არის სიმართლე, გულწრფელად გეუბნებით, სიმართლე, რომელსაც მე მთელი ცხოვრება გავიმეორებ, სიმართლე, რომლითაც მე ჩემ შვილებს ჩავხედავ თვალებში, თამამად ჩავხედავ და ვეტყვი. აბა, თქვენ დაფიქრდით ახლა, შეგიძლიათ ჩახედოთ თქვენს შვილებს თვალებში და უთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას მიტაცებული არ აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, შეგიძლიათ ეს?! მე ნუ მეტყვით პასუხს, თქვენ თავს უთხარით და არ ვიცი, ეგებ, მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციიდან, როგორიც იპოვა ქალბატონმა მანანა კობახიძემ და პატივს ვცემ ამ გამოსავალს.

ბოლოს მინდა გითხრათ ერთიან ორგანიზმზე, ერთიანი ორგანიზმი, რაც თქვენ მოიგონეთ, ეს ნამდვილად არ ვიცი, რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის ერთიანი ორგანიზმი- ერთიანი ორგანიზმი არის საქართველო, ჩვენი ერი, თან მრავალტანჯული და თან მრავლად საამაყო ერი. ერი, რომელმაც იცის დაუმორჩილებლობა, ერი, რომელიც ვერ დაამარცხა ვერ ჯალ ალ ლედინებმა, თემურ ლენგებმა და ა.შ. და ვერც რუსეთმა და მით უმეტეს, ვერც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი. აი, ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ბოლოს ამას გეტყვით, ჩემი სურვილია, რომ მე და თქვენ ერთმანეთის გამორიცხვით კი არ ვიცხოვროთ, ზუსტადაც ერთიან ორგანიზმად ვიცხოვროთ, სადაც ყველას საკუთარი ფუნქცია აქვს და ყველა ერთმანეთს პატივს სცემს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები