დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა პირებს, რომლებიც სხვა საქმეზე ისედაც პატიმრობაში არიან

14.11.26 15:10
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა პირებს, რომლებიც სხვა საქმეზე ისედაც პატიმრობაში არიან

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - მოსამართლე ლევან გელოვანმა ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფრდა.

ეს ადვოკატებისთვის მოულოდნელი და უცნაური იყო, რადგან უფლებადამცველების თქმით, მათი დასაცავი პირები სხვა საქმეზე ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან და ამის აუცილებლობა სასამართლოს წინაშე აღარ უნდა დამდგარიყო. 

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დავეთანხმეთ. ბრალდების მხარის მოთხოვნები უსაფუძვლოა, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეფარდებული აქვს.

ადამიანი დუმილის უფლებას იყენებს. ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს",- განაცხადა ავთანდილ ბილაშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.

სხდომაზე ყველა ბრალდებულის მიმართაღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. პროკურორი დანაშაულის ხასიათზე და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რის საფუძველზეც, დავით ფეიქრიშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ვატო ყიფიანისა და დანარჩენი პირების ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განმარტებით, საქმეზე პატიმრობის გამოყენების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები არ არსებობს. ფხალაძის თქმით, ერთადერთი ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარეს აქვს, ფეიქრიშვილის ჩვენებაა, რომელიც გამოძიების ეტაპზე შეიცვალა. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილის მიერ მიწოდებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები არ უნდა იყოს პატიმრობის გამოყენების საფუძველი.

ბრალდებულებიდან არც ერთი დღეს სასაამრთლო პროცესზე არ ესწრებოდა.  ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ სხდომაზე მისვლაზე უარი თქვეს.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
  • როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

მსგავსი სიახლეები