ციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ

14.11.26 16:26
ციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ

ციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე სხედან - გიორგი პატარიძე და რამაზ ფირცხალავა საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სხდომას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი წუთი-წუთზე გახსნის. 

ცნობილია, რომ პროკურატურა პროცესზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ სასამართლოზე არა პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, არამედ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით შედის.

გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ ბრალდების მხარეს გირაოს მოთხოვნა აქვს, მიგვაჩნია, რომ გირაო სრულად იქნება საკმარისი აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველსაყოფად.

გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას ბრალდება წარედგინათ, მანამდე ისინი მოწმის სახით გამოკითხულები არიან და დეტალური ინფორმაცია აქვთ მოწოდებული გამოძიებისთვის.

დადგენილია შემდეგი ფაქტი, რომ ვახტანგ ჟვანიამ [ვატო ყიფიანმა] რამაზ ფირცხალავას [№8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი] სთხოვა, რომ კონკრეტული პირები შეესახლებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში. ამის შემდეგ რამაზ ფირცხალავა უკავშირდება გიორგი პატარიძეს [პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი], რომელიც რამაზ ფირცხალავას მიუთითებს, რომ დააკმაყოფილოს [ვატო ყიფიანის] თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში კონკრეტული პირების შესახლების თაობაზე. ამით კი დადგენილია შემდეგი ფაქტები - ის რომ ვახტანგ ჟვანიამ, რამაზ ფირცხალავას სთხოვა, რომ კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა უკავშირდება გიორგი პატარიძეს, რომელიც უთითებს რომ დააკმაყოფილოს თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახელების თაობაზე. მან გაითვალისწინა მისი სთხოვა და ამ ქმედებით სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა"- თქვა სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა.

  • პატარიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
  • როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

მსგავსი სიახლეები