დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ საქმის მასალებში ვიდეოკამერების ჩანაწერები დევს
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ საქმის მასალებში ვიდეოკამერების ჩანაწერები დევს. თამარ ყულჯანიშვილი არ აკონკრეტებს აღნიშნული კადრები ასახავს თუ არა უშუალოდ საკანში ძალადობის ეპიზოდს.
სახელმწიფო მბრალდებელის თქმით, დავით ფეიქრიშვილზე გლდანის ციხის 72-ე საკანში 4 დღის განმავლობაში ძალადობდნენ.
მისივე განცხადებით, გამოძიება კვლავ გრძელდება და არ არის გამორიცხული საქმეში სხვა ფიგურანტების ვინაობაც გამოიკვეთოს.
ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. ძალადობა განხორციელდა N8 პენიტენციური დაწესებულების 72-ე საკანში, სადაც განთავსებული იყო დავით ფეიქრიშვილი. სწორედ მის მიმართ განახორციელეს ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა ვახტანგ ჟვანიამ, იგივე ვახტანგ ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ.
16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებულ პირებს ვახტანგ ჟვანიას, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს, სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, აღნიშნული პირები N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. საკანში განთავსებამდე, ანუ შესახლების პროცედურის გავლის დროს, ვახტანგ ყიფიანმა სთხოვა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას, რომ ის და ამ საქმეზე ბრალდებული სხვა პირები - ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი, ამავე დაწესებულებაში განთავსებული ავთანდილ კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე განეთავსებინა იმ საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, კერძოდ, პენიტენციური კოდექსისა და N8 პენიტენციური დაწესებულების დებულებების რეგულაციებს, რამაზ ფირცხალავამ ეს საკითხი სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმჟამინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის წინაშე დააყენა. პატარიძემ კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მიუთითა რამაზ ფირცხალავას, რომ დაეკმაყოფილებინა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში შესახლების თაობაზე.
მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოკითხულია მოწმეთა ის კატეგორია, რომელსაც რაიმე კავშირი ჰქონდა საქმესთან, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება“,- განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.