16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება

15.11.26 18:56
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება

ხვალ, 16 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე, თბილისის მერიის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, გამზირის სავალი ნაწილი ღამის განმავლობაში მთლიანად ჩაიკეტება და ტრანსპორტის ნაკადი ალტერნატიულ, მიმდებარე ქუჩებზე გადანაწილდება.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას გადაადგილების შეცვლილი მარშრუტების შესახებ უცვლელად გთავაზობთ:

„აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).

გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” — ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები