IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

17.11.26 19:45
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ჟურნალისტ გურამ როგავას სასამართლო პროცესებიდან ჩამოშორებას გმობს.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, მას სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან პროცესები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 

IPI-ის შეფასებით, მიუხედავად ამ საქმეზე დამდგარი განაჩენისა, საქმეში „კვლავ არსებობს სერიოზული კითხვები როგორც თავდამსხმელის იდენტიფიცირების, ისე გამოძიების ეფექტიანობის შესახებ”. თავად როგავა არ ეთანხმება იმას, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა სწორედ ბრალდებულმა განახორციელა.

"როგავას, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო, 2024 წლის ნოემბერში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია გახდა საჭირო.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პოლიციელს, გურამ კირკიტაძეს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სამი წლით აუკრძალა პროფესიული საქმიანობის განხორციელება. თუმცა, კვლავ არსებობს სერიოზული კითხვები დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგავა ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ სწორედ კირკიტაძემ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.

სავარაუდო დამნაშავე მაისში დააკავეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავად როგავამ და ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და საჯაროდ დაასახელეს პოლიციელი, რომელიც, მათი ვარაუდით, პასუხისმგებელი იყო მომხდარზე.

ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების დროს არსებულ ფართო დაუსჯელობის სინდრომს; პოლიციელებისა თუ სხვა პირების მიერ განხორციელებული თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

საქართველოში დაუსჯელობის წრის გარღვევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. IPI კვლავაც მოითხოვს სრულ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის საქმეზე, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო გახდნენ თავდასხმის სამიზნე", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები