ადვოკატი განმარტავს, რატომ თქვა უარი გამომძიებლებთან გასაუბრებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა
პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი გამომძიებლებთან გასაუბრებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ბარათაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, როდესაც ადამიანი აკეთებს საჯარო განცხადებას, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია საგამოძიებო ორგანო დაიწყოს გამოძიება და კოდექსი არ ითვალისწინებს გასაუბრებას წინასწარ და არაფორმალურ ურთიერთობას.
მისი თქმით, როდესაც მან გამომძიებელებს ჰკითხა, რა მიზნით შედიოდნენ ღარიბაშვილთან და იყო თუ არა გამოძიება დაწყებული, მათგან მიიღო პასუხი, რომ ეს იყო ურაბლო გასაუბრება და გამოძიება არ იყო დაწყებული, რაც მისთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადრევე განაცხადა თანხმობა, და ჩვენც განვაცხადეთ, მისმა ადვოკატებმა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, კანონით დადგენილი წესით და მისცეს ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან. კანონით დადგენილი წესი არის შემდეგი, როდესაც ადამიანი აკეთებს საჯარო განცხადებას, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია საგამოძიებო ორგანო დაიწყოს გამოძიება. კოდექსი არ ითვალსიწინებს გასაუბრებას წინასწარ და არაფორმალურ ურთიერთობას, განმცხადებელსა და გამომძიებელს შორის. როდესაც გუშინ მას შეხვდნენ გამომძიებლები, პირველ რიგში დავუსვი შეკითხვა, დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ საქმეზე, მათ მითხრეს, რომ არა. მე ვკითხე, თუ გამოძიება დაწყებული არ არის, რა საპროცესო მოქმედებას ახორციელებთ, მათ მიპასუხეს, რომ ახორციელებენ გასაუბრებას, დავინტერესდი, სისხლის სამართლის რომელი ნორმის შედეგად ახორციელებდნენ გასაუბრებას, მათ მიპასუხეს, რომ ასეთი ნორმა არ არსებობს და ეს არის დადგენილი პრაქტიკა, რომელიც არის საყოველთაოდ გავრცელებული. ეს დადგენილი პრაქტიკა, რომელიც არ წერია არცერთ კანონმდებლობაში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ უნდა იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით, საპროცესო ნორმების შესაბამისად და როდესაც დაიწყება გამოძიება, რისი სრული საფუძველიც არსებობს, ღარიბაშვილი სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, - განაცხადა ბარათაშვილმა.