პენიტენციური: ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გადაყვანილია საკანში
პენიტენციური სამსახური ვერაზე სიცილის გამო მოკლული ახალგაზრდის, ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას პასუხობს - უწყება ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე გადაყვანილია საკანში.
ექიმების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის N18-ე სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან N8-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის საკანში მედპესრონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება", - განმარტავს პენიტენციური.
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედამ დღეს პენიტენციური სამსახურისგან განმარტებები მოითხოვა.
თათია ჩირგაძემ საგამოძიებო უწყებას დაუსვა კითვა, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა, პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დასრულებულია.
- მკვლელობა მიმდინარე წელს, 22 ივლისს გვიან საღამოს მოხდა ვერაზე, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, დაიჭრა კიდევ სამი პირი.
მომხდარ მკვლელობასა და პირთა დაჭრაში ბრალდებულად სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.