"ოცნებამ" ოპოზიციას ერთობის დეკლარაციაზე ჰკითხა - პასუხები და პოლემიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
"ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციურ პარტიებს ჰკითხა, კვლავ იზიარებენ თუ არა 2024 წლის არჩევნების წინ ერთობლივ დეკლარაციაში გამოხატულ პოზიციას არჩევნების შემდეგ თანამშრომლობაზე.
კითხვა თორნიკე ჭეიშვილმა დასვა, რაზე პასუხადაც მას ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და დეკლარაციამ თავისი დანიშნულება ამოწურა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ დეკლარაციას პოლიტიკური დოკუმენტი უწოდა. ანა ბუჩუკურმა კი თქვა, რომ მისი პარტია დოკუმენტს არ შეუერთდა.
ირაკლი ჭეიშვილი: თქვენ კვლავ ადასტურებთ თუ არა ამ ერთობის დეკლარაციის სულისკვეთებისადმი თქვენს ერთგულებას და დღევანდელი გადმოსახედიდან ისევ იწონებთ თუ არა მას?
ლევან ბეჟაშვილი: ამ ერთობის დეკლარაციას ჰქონდა კონკრეტული ამოცანა იმ არჩევნებისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში, რომ გვეჩვენებინა ჩვენი ელექტორატისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ ერთმანეთთან დიალოგი, შეთანხმების მიღწევა. არჩევნების შემდგომ სხვა მოცემულობა დადგა და ბუნებრივია ამ დეკლარაციის დებულებებმა ამოწურა თავისი თავი.
გრიგოლ გეგელია: კოალიცია ნიშნავს განსხვავებულთა ერთობას გარკვეული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და არა ერთიან ორგანიზმს. თუ ერთიანი ორგანიზმი არის ადგილზე, მას კოალიცია აღარ სჭირდება.
კოალიცია ნიშნავს კონკურენტთა და განსხვავებულთა არჩევის შემდგომ და არა არჩევნებამდე მიღწეულ გარკვეულ პოლიტიკურ ფორმას.
ბატონი მოსარჩელე კითხვას სვამს ემიგრაციის საკითხთან დაკავშირებით და სწორედ მოსარჩელე მხარემ დოკუმენტირებულად, კანონის ძალით საქართველოს ემიგრაციას ჩამოართვა ხმის უფლება და მეტიც მოუწოდა, რომ ისინი არ ჩამოვიდნენ და მისცეს ხმა.
ირაკლი ჭეიშვილი: ეს იცით რას ნიშნავს? ეხლა პრაქტიკოსი პოლიტიკოსი ვარო რომ იძახის, ესეიგი სამართლებრივ დეტალებში აბსოლუტურად როგორც ჩანს არ ხართ ჩახედული, იმიტომ რომ კარგად უნდა გაეცნოთ შესაბამის კანონმდებლობას და მერე გააკეთოთ მაშინ დასკვნა.
გიორგი სიორიძე: როდესაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ეს კანონი, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის, რომელიც პრაქტიკულად წართმევას ნიშნავს, იმიტომ რომ საზღვარგარეთ აღარ იქმნება საარჩევნო უბნები, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ისევე როგორც სხვა სპიკერებმა, რომ კეთილი ინებონ, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა და ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამობრძანდნენ საქართველოშიო.
რა პრობლემა არის იმაში, მე ვერ ვხედავ შეკითხვის არსს ამ თვალსაზრისით, რომ გვქონოდა ოპოზიციას სრულიად ლეგიტიმური ინტერესი და სურვილი იმისა, რომ იმ შეზღუდული შესაძლებლობებით და რესურსებით, რაც გვქონდა გასულ წელს, იმ დროისთვის 2024 წელს ქართველ ემიგრანტებს, ასობით ათას ადამიანს, რომ ეს ადამიანები ჩამოსულიყვნენ საქართველოში ან ჩართული ყოფილიყვნენ იმ პროცესში, რაც ერქვა 2024 წლის არჩევნებზე თავიანთი უფლების სარგებლობას.
ეს მიმართვა მიემართებოდა პარტნიორ ქვეყნებს, რომ თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური ნების შესაბამისად, ყოფილიყო მაქსიმალურად შექმნილი პირობები იმისთვის, რომ გახსნილიყო უფრო მეტი საარჩევნო უბანი.
ანა ბუჩუკური: თუ პოლიტიკურ შეფასებას მთხოვთ ბატონო თორნიკე, არ ვიცი მგონი ამას არ გთხოვთ და შესაბამისად, პოლიტიკურ დეკლარაციას რომელსაც არც კი შევუერთდით, რა შეფასება უნდა გავაკეთო არ ვიცი.
ირაკლი ჭეიშვილმა ცალკე იკითხა არჩევნების შემდეგ ოთხი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილზეც. წერილის ავტორები, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების შეჩერებას და თანხის სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად გადამისამართებას.
ბეჟაშვილის თქმით, წერილი არჩევნების შესაძლო გაყალბების საერთაშორისო შეფასებას უკავშირდებოდა. თენგო თევზაძემ და გრიგოლ გეგელიამ აღნიშნეს, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილი მოთხოვნები ერთიან კონტექსტში უნდა შეფასდეს.