ნადარაია ბიბილაშვილს: გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო

19.11.26 14:48
ნადარაია ბიბილაშვილს: გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ენმ-ს წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა. მოსამართლემ ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.

ნადარაიამ ბიბილაშვილს უთხრა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების და საასმართლოს ერთმანეთთან გაიგივება არ უნდა მოხდეს -"პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო, იურისტი ხართ"

ზაზა ბიბილაშვილი: ჩვენს აკრძალვას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ შეიტყო ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე. ასევე, მიყურადებას რაც შეეხება, მათმა სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 30-ჯერ არის გაზრდილი სუს-ში შესული ინფორმაციის ნაკადი და 2.5 -ჯერ არის გაზრდილი მოსმენების რაოდენობა. ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გახდეს ჩვენი პარტიის აკრძალვის საფუძველი. ანუ ადამიანები ამბობენ, რომ 30-ჯერ მეტს ვუსმენთო, მაგრამ თქვენ უნდა აგკრძალოთო.

ახლა მესმის რეპლიკა, რომ „კანონიერი იყოო“, რა თქმა უნდა, იმ სასამართლოს პირობებში, რომელზეც ღარიბაშვილი ამბობს, რომ კენგურუს სასამართლოა, რასაც გინდა იმას დაარქმევ კანონიერს. წინა თარიღით გააფორმებ ნებართვას, ვისაც გინდა მოუსმინო და მიუყურადო. თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით, რომ ასეა. პრემიერმაც თქვა, ჩვენ ვაუქმებთო...

რევაზ ნადარაია: გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, ახლა საზოგადოების თვალში პრემიერისა და სასამართლოს გაიგივება გნებავთ ერთმანეთთან? პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო, იურისტი ხართ. რაც შეეხება იმას ვემიჯნები თუ არა პრემიერის სიტყვებს, რას ნიშნავს პრემიერს ვემიჯნები? პროვოკატორობთ, მინდა გითხრათ. სასამართლო არაფერს არ აუქმებს, სასამართლო იხილავს. ვერ ვიგებ ამ ტიპის პრეტენზიას. სასამართლოში შემოვიდა სარჩელი, კონკრეტული საფუძვლებითა და მოთხოვნით. რას ითხოვთ სასამართლოსგან, არ უნდა განიხილოს?

ზაზა ბიბილაშვილი: აქ რომ შესაბამისი სტანდარტები მოქმედებდეს, ეს სარჩელი საერთოდ წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.

რევაზ ნადარაია: კიდევ ერთხელ იტყვით სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ განხილვა გაუქმებად მიგაჩნიათ და საზოგადოებას რომ გინდათ დაანახოთ წინასწარ, რომ სასამართლო აუქმებს, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემლობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე... აუქმებთ, აუქმებთ, არ ვაუქმებთ, ვიხილავთ! შედეგი რა იქნება დაელოდეთ“,- განაცხადა ნადარაიამ, რასაც თავის მხრივ ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სჯერა, როცა მან თქვა, რომ „ჩვენ ვაუქმებთო“.

მსგავსი სიახლეები