ბეჟაშვილის კითხვა “ოცნებას“: რა კრიტერიუმებით ასხვავებთ, ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებაა თუ დამხობა

20.11.26 14:07
ბეჟაშვილის კითხვა “ოცნებას“: რა კრიტერიუმებით ასხვავებთ, ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებაა თუ დამხობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას მხარეებმა სხვადასხვა წლების საპროტესტო აქციების შეფასების კრიტერიუმებსა და “კონსტიტუციური წყობილების დამხობის“ სამართლებრივ კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.

სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაისვა კითხვა, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება და განსხვავდება ერთმანეთისგან ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა, ასევე — როგორ უნდა იქნეს აღქმული პოზიციები 2018 წლის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობასა და 2022–2025 წლების მოვლენებთან დაკავშირებით.

სასამართლოს რა მტკიცებულებები წარუდგინეს იმისა, რომ აი, 2022 წლის,2023 წლის, 2024 წლის, 2025 წლის — 24–25 წელზე იყო საუბარი, 24 წლის აქციების დროს ხდებოდა, კი, დასტურდება მიზანი პოლიტიკური პარტიების, რომ დაგეგმილი იყო კონსტიტუციური წეს-წყობილების დამხობა და ასე შემდეგ. სარჩელში საუბარი არის, რომ 2018 წელსო ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათო და ესეცო კონსტიტუციური წყობილების დამხობას ეხებოდაო. ანუ ახლა ეს პასუხი როგორ გავიგოთ, რომ 2018 წელთან მიმართებაში დავა აღარ არსებობს? ანუ ეს აღარ უნდა განვიხილოთ? როგორ განასხვავებენ, ეს იყო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები — აი, ეს 22, 25 წლის, 19, 22, 25 წლის აქციების შეფასებაზე როცა არის საუბარი — თუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა არის და როგორ არჩევენ, რა კრიტერიუმებით ასხვავებენ ამას?, - იკითხა ლევან ბეჟაშვილმა.

განხილვისას მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოვლენებზე და ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ნიკა მელიას საჯარო კომენტარები დაუპირისპირეს, სადაც ინაუგურაციის ჩაშლის მიზანზე იყო საუბარი.

არჩილ გორდულაძემ ასევე ისაუბრა აქციების დროს კონსტიტუციური ორგანოებისა და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებისა და მათში შეჭრის მცდელობებზე, რის მაგალითადაც ანა წითლიძის განცხადებები და 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნებთან დაკავშირებული გამონათქვამები დაასახელა.

2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა იყო. ბატონმა ლევან ბეჟაშვილმა რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ჩვენ შეგვაჩერეს რამდენიმე კილომეტრით ადრე და საერთოდ არავითარი ჩაშლის სურვილი არ გვქონიაო. მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში არსებობს ინფორმაცია და ეს მისი გაკეთებული განცხადება არის ნიკა მელიასი — ნიკა მელია, რომელიც იყო ამ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გახლავთ „ახალის“ თანათავმჯდომარე — რომელიც დანანებით ამბობს, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მიზანი, რომ ინაუგურაცია ჩაგვეშალა, სამწუხაროდ, მისი რეალიზება ვერ მოვახდინეთ, იმიტომ რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ყველაფერი აღკვეთეს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქციები იღებს კიდევ უფრო მეტ ძალადობრივ ხასიათს, ძალადობის გამოყენებით არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც გამოიხატება კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირებაში, კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებებში და იქ შეჭრაში, რასთან დაკავშირებითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ანა წითლიძე სულ რამდენიმე სხდომის წინ დარბაზში — არათუ მანამდე აკეთებდა განცხადებებს, არამედ დარბაზში თქვა, რომ ის აუცილებლად იმავე მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს, ეს მისივე სიტყვები არის. მანამდე საჯაროდ საუბრობდა, რომ სამწუხარო არის, რომ რეალიზება ვერ მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნისა, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

თორნიკე ჭეიშვილის თქმით კი , “ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და დამხობის მცდელობა თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას იძლევა.“

მსგავსი სიახლეები