18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც მოზარდი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა - პროკურატურის განცხადება

20.11.26 17:25
18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც მოზარდი გააუპატიურა და მოკვლით ემუქრებოდა - პროკურატურის განცხადება

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული პირს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა.

როგორც ირკვევა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მოძალადე მოზარდზე ფსიქიკურ ზეწოლასაც ახდენდა - მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი, მსხვერპლს მოკვლით ემუქრებოდა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენა, მათ შორის, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის:

  • 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ორი ეპიზოდი);

  • 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;

  • 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი – გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი);

  • 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).

სასამართლომ ბრალდებული ყველა წარდგენილ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები