დაპირისპირება ბათუმში - მერიის შეიარაღებული მაღალჩინოსანი ბიზნესმენს თავს დაესხა

10.12.21 18:11
დაპირისპირება ბათუმში - მერიის შეიარაღებული მაღალჩინოსანი ბიზნესმენს თავს დაესხა

შეირაღებული თავდასხმა აჭარაში. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ბათუმში ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, მოხდა.  ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქალაქის ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე, ბიზნესმენისგან იარაღის მუქარით იმის გარკვევას ცდილობდა, რატომ აპროტესტებდა ფარტენაძე მასზე დარიცხულ ჯარიმებს. 

ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის ინფორმაციით, დაპირისპირება ცეცხლაძესთან 2 წლის წინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა მას კუთვნილი ფართის საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად გადმოცემა მოსთხოვა, პასუხად კი უარი მიიღო. ამის შემდგომ კი დაიწყო ფარტენაძის კუთვნილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება, თუმცა, ფარტენაძემ სასამართლოს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ჯარიმები ანულირებულად ცნო. 

ვიდექით, ვლაპარაკობდით ქუჩაში, ამ დროს გააჩერა მანქანამ, ჩამოვიდა სათვალეებით, ჩემი აზრით, არაფხიზელ მდგომარეობაში და პირველი მისი თქმა იყო, რატომ მისაჩივრებ ჩემს გამოწერილ ჯარიმებსო. ვუთხარი, კი, ვასაჩივრებ და ამით რას ვაშავებ-მეთქი. ყველას გიგებ, ბატონო ბესო-მეთქი. ამის შემდეგ დაიწყო უწმაწური სიტყვებით მომართვა, წავიდა გაწევ-გამოწევა, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა, ჩვეულებრივად გაუშვა - აცხადებს ,,ტვ პირველთან" საუბრისას მერაბ ფარტენაძე.

ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის სამართალდამცველებიც,  თუმცა, გომელაურის უწყებას შეიარაღებული საჯარო მოხელე არ დაუკავებია.