საქართველოში დღეს გლოვის დღეა - ქვეყანა ფონიჭალაში დაღუპულებს გლოვობს
22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა. ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.
დილიდან მოქალაქეები მიდიან კორპუსთან, სადაც ხუთშაბათს გაზის აფეთქება მოხდა. მიაქვთ ყვავილები, სანთლებს ანთებენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ტრაგედიის ადგილზე ტოვებენ სათამაშოებსაც.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.