TCRC: თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია

23.11.26 18:32
TCRC: თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია

თუ ასე გაგრძელდა, მომდევნო რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში  გაადადგილება შეუძლებელი იქნება - ეს დასკვნა დადეს სპეციალისტებმა, ვინც სატრანსპორტო კოლაფსის გამომწვევი მიზეზები  შეისწავლეს.  

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, თბილისის სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა სწრაფი საგარეუბნო მატარებლების განვითარების გარეშე შეუძლებელია.

ორგანიზაცია ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გეგმაში სამგზავრო რკინიგზის პროექტის განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამისათვის, როგორც TCRC-ში აცხადებენ, აუცილებელია, საქართველოს რკინიგზა მეტად ინტეგრირდეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში.

"თბილისის განტვირთვა ქალაქის საზღვრებს მიღმა იწყება, ქალაქს ნამდვილად გააჩნია საგარეუბნო სარკინიგზო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა.

ქვეყანაში შრომის ბაზრის არათანაბარი განაწილების პირობებში სახელმწიფოს ახლო მომავალში დედაქალაქში სივრცითი დაგეგმვისა და ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება მოუწევს.

თბილისის აგლომერაციის ფარგლებში გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარების გარეშე დედაქალაქში გადატვირთულობა და სატრანსპორტო კოლაფსი უახლოეს ხუთ წელიწადში კიდევ უფრო დამძიმდება და შეუქცევად ტენდენციას მიიღებს, ხოლო მისი განმუხტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მარტივი შედარებისთვის, დღეს თბილისის გადატვირთული მოძრაობის ფონზე, თუნდაც დედაქალაქის ცენტრიდან – ვაჟა ფშაველას გამზირიდან სამგორში წასვლა და უკან დაბრუნება თითქმის იმავე დროს იკავებს, რამდენსაც თბილისიდან კასპში გამგზავრებას ესაჭიროება.

საგარეუბნო სამგზავრო რკინიგზის განუვითარებლობა და ქვეყანაში საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლის არარსებობა, რეგიონში მცხოვრებ ადამიანს თბილისში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლისა და დამკვიდრების გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ იწვევს დედაქალაქის დამატებით გადატვირთულობას და სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას.

როდესაც თბილისის აგლომერაციის ფარგლებში გამჭოლი საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარებაზეა საუბარი, აქ ძირითადად გორი – თბილისი – მარნეულის არეალი მოიაზრება.

ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას ამ არეალში მცხოვრები მოსახლეობისათვის მოდერნიზებული სარკინიგზო მატარებლების გამოყენების შესაძლებლობა და მისი დაუბრკოლებლად თბილისში ჩამოსვლა, დასაქმება ან მისთვის საჭირო სათანადო სერვისის მიღება და იმავე დღეს უკან დაბრუნება წარმოადგენს.

სადღეისოდ თბილისის სიახლოვეს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი ქვეყანაში სწრაფი საგარეუბნო მიმოსვლის არარსებობაა. ამიტომ სახელმწიფოსთვის, თბილისში გადატვირთულობის შესამცირებლად, სწორედ სწრაფი საგარეუბნო რკინიგზის განვითარება უნდა გახდეს პრიორიტეტული.

მსგავსი სიახლეები