ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაში დრონებით დარტყმები იყო - დაშავდა 12 ადამიანი
ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ ქალაქის მერზე, სერჰი ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე დაშავებული 12 ადამიანის შესახებ. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, — განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მერის თქმით, ყველა დარტყმა უშუალოდ საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა:
- 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლები;
- 300-ზე მეტი ფანჯარა, 200-მდე აივანი, შენობების 100-ზე მეტი საერთო სარგებლობის სივრცე და სახურავები;
- გათბობის ინფრასტრუქტურა, კომერციული ობიექტები და ავტომობილები.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განუწყვეტელი საჰაერო განგაშის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და დარტყმის ეპიცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო და კომუნალური სამსახურები.