2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გაუქმდება - ლიკვიდაციის მუხლი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა ხელი.
დადგენილებით შეიქმნა ხუთწევრიანი სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს.
კომისიამ 1 იანვრამდე უნდა აღრიცხოს სააგენტოს ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს, რომელ უწყებებს გადაეცემა სააგენტოს ქონება, ვალდებულებები და დოკუმენტაცია.
კომისიამ ის უწყებაც უნდა შეარჩიოს, რომელიც სააგენტოს დახურვის შემდეგ შეამოწმებს, როგორ ასრულებენ გრანტის მიმღებები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თავად სააგენტომ კი წლის ბოლომდე უნდა გააუქმოს სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესი.
- 17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებას კობახიძემ ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოაწერა. დებულების მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეფინანსებინა.