“ბათუმის პორტში“ ჩამოსულ ავტომობილში 41 შეკვრად დაფასოებული 7 კგ „ჰაშიში“ აღმოაჩინეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის სახელზე ჩამოსული ავტომობილის დათვალიერებისას, 41 შეკვრად დაფასოებული 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ აღმოაჩინეს.
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“, ბრალდებულის სახელზე ჩამოსული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს მალულად მოთავსებული, 41 შეკვრად დაფასოებული 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 19-262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.