მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები

26.11.26 16:44
მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს - სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს. დაკავებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა იმსჯელა. 

როგორც სასამრთლოდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, გიორგი მელაძე და ლაშა გეგეშიძე დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი დღეს მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ არავის მოკვლის მოტივი არ ჰქონიათ და საბედისწერო დღეს ვიდრე ხელჩართული ჩხუბი დაიწყებოდა პარკინგის გამო, რესტორანში ემიგრაციიდან დაბრუნების აღსანიშნად მიდიოდნენ.

დღევანდელ სხდომაზე ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოდა. 

ქრისტინე კილასონიას განცხადებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს მალხაზ თოფურიაზე, რომელიც წაიქცა, დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა.

კილასონიას თქმითვე, გიორგი მელაძემ ასევე იძალადა 68 წლის მამაკაცზე, რომელიც ადგილზე გასაშველებლად მივიდა. მისივე განმარტებით, გაშველების მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულები არ გაჩერდნენ. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, კონფლიქტი წვრილმანი ყოფითი საკითხის გამო - მანქანის გადაყენებასთან დაკავშირებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბრალდებულების ადვოკატები სხდომის დასრულების შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ ჩხუბობდა ორივე მხარე და დაზიანებები მათი დაცვის ქვეშ მყოფებსაც აქვთ.

რეალურად ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტს, რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფებს კავშირი არანაირი არა აქვთ ამ ფაქტთან და საერთოდ ზედმეტია საუბარი, რომ მათ განზრახ ჰქონოდათ ვინმეს მძიმე დაზიანება მიეყენებინათ ვინმესთვის — გამორიცხულია", - თქვა ადვოკატმა. 

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მბრალმდებელმაც - ქრისტინე კილასონიას განცხადებით,  ბრალდებულების დაზიანებებთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს სამედიცინო ექსპერტიზა აქვს დანიშნული.

რაც შეეხება დაკავებულების ბრალეულობას, პროკურორი ამბობს, რომ საქმეში დევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ამბობენ, რომ სწორედ დაკავებულებს ჰქონდათ ფიზიკური დაპირისპირება მალხაზ თოფურიასთან.

გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის ბრალდებულების დაზიანებებთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს სამედიცინო ექსპერტიზა აქვს დანიშნული, თუმცა ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ შორის არა აქვთ მითითებული გამომძიებლისთვის, რომ მათ მიმართ ჰქონდათ ძალადობას ადგილი, შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტული პირის პასუხისმგებაში მიცემის საკითხი არ დგას. ამ ეტაპზე გამოკითხულები არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც ცალსახად და ხაზგასმით ადასტურებენ, რომ სწორედ დაკავებულებს ჰქონდათ ფიზიკური დაპირისპირება მალხაზ თოფურიასთან და მისი ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც შემდგომში გარდაცვალება გამოიწვია, დაკავშირებული იყო სწორედ ბრალდებულების მიერ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასთან. ყველა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი ბრალდების მხარეს DVR-ის სახით ამოღებული აქვს და შესაბამის განჩინების მოპოვების შემდეგ მოხდება მათი დათვალიერება და საპარკინგე ადგილს და მანქანის კონკრეტულ ადგილზე დაყენებას უკავშირდებოდა ეს", - განაცხადა პროკურორმა. 

გამოძიების თანახმად,  2026 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის გაჩერების ადგილთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.