ვერაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ბრალდებული: იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, თავს არავის დავსხმივართ
მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ - გიორგი მელაძე და ლაშა გეგეშიძე დღეს მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ არავის მოკვლის მოტივი არ ჰქონიათ და საბედისწერო დღეს ვიდრე პარკინგის გამო ხელჩართული ჩხუბი დაიწყებოდა, რესტორანში ემიგრაციიდან დაბრუნების აღსანიშნად მიდიოდნენ.
"ეს უბედური შემთხვევა, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმეს თავს დავსხმოდით" - თქვა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ლაშა გეგეშიძემ.
„ჩვენი მიზანი აგრესია და ესეთი განზრახვა არავის მიმართ არ ყოფილა. ეს უბედური შემთხვევაა. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით. არავის დავსხმივართ თავს. მოხდა შელაპარაკება და ასეთი რაღაც, ძიძგილაობა იყო. არ ყოფილა რომ ვინმე წაქცეულიყო და ზემოდან დახტომოდა მერე ვინმე. პოლიციის თანამშრომლებიც იქ იყვნენ“, - განაცხადა გეგეშიძემ.
მცირე რეპლიკით ისარგებლა გიორგი მელაძემ და მას გარდაცვლილის ოჯახს სამზიმარი უთხრა.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ერთადერთი ამის თქმა მინდა“, - განაცხადა მელაძემ.
მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში გაუშვეს. დაკავებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა იმსჯელა.
გამოძიების თანახმად, 2026 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის გაჩერების ადგილთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.