სკანდალური მატჩი ბათუმში - თურქული მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს
სკანდალური მატჩი და დაპირისპირება სტადიონზე - თურქული მედია "რიზე სპორტ სითი" აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს.
უცნობია, დაადო თუ არა ხელბორკილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტოზე წარმოდგენილ პირს.
თურქეთის ხელისუფლება ახლა ინციდენტში მონაწილე პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და საკუთარი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
პარალელურად, თურქული გამოცემები წერენ, რომ საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს.
შს სამინისტრო კი ამ დრომდე არ ამბობს, გაათავისუფლეს თუ არა ის 16 პირი, ვინც გუშინ ბათუმში მასობრივი არეულობებების მოწყობის გამო დააკვეს.
რა მოხდა ბათუმში:
- თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
- ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
- პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
- შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.