საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს - თურქული მედია

27.11.26 12:43
საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს - თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების გათავისუფლება საქართველოში თურქეთის საელჩოს ჩართულობითა და ძალისხმევით მოხდა.

ამასთან, დაშავებული და კლინიკაში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს. პროცესს ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ზედამხედველობდნენ.

რა მოხდა ბათუმში:

  • თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
  • პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
  • შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები