ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორი ქართველი პოლიციელების ქმედებებს “არაპროპორციულ ჩარევად“ მიიჩნევს

27.11.26 10:46
ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორი ქართველი პოლიციელების ქმედებებს “არაპროპორციულ ჩარევად“ მიიჩნევს

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბათუმში ქართული პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას მკაცრად გმობს — საქმე ეხება საფეხბურთო კლუბების, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც თურქი გულშემატკივრები დაშავდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, ბურჰანეტინ დურანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქართველი სამართალდამცავების ქმედებებს „არაპროპორციულ ჩარევად“ აფასებს.

ანკარაში ამტკიცებენ, რომ პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის მშვიდობიანი გამოხატვა საპოლიციო ძალის გამოყენების გამართლება ვერ გახდება.

„მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას. პალესტინელი ხალხისადმი მშვიდობიანი გზით სოლიდარობის გამოხატვა არანაირად არ უნდა იყოს ძალადობისა და ჩარევის გამართლება.

თანაგრძნობას ვუცხადებ „ბეშიქთაშის“ საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების გამო დაზარალდნენ. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა - სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა“ - მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ „ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს“, — წერია განცხადებაში.

რა მოხდა ბათუმში:

  • თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
  • პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
  • შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.