სახალხო დამცველმა რუსთავის ციხეში სააკაშვილი, მელია, ღარიბაშვილი და სხვა პატიმრები მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია, სადაც პატიმრების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციის მისაღებად პირისპირ შეხვედრები გამართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანი ცხრა პატიმარს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს, ყოფილ მაღალჩინოსნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს გაესაუბრა.
„27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალაქ რუსთავში მდებარე №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს.
ლევან იოსელიანი პირადად გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის, ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილსა და პაატა ბურჭულაძეს.
საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებების დაცვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.