შეიარაღებული თავდასხმა ბიზნესმენზე - ოპოზიცია რეაგირებას ითხოვს და მერიაში აქციას მართავს

13.12.21 10:41
შეიარაღებული თავდასხმა ბიზნესმენზე - ოპოზიცია რეაგირებას ითხოვს და მერიაში აქციას მართავს

ხმაურია ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში -  ოპოზიციის წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ, მერის მხრიდან რეაგირებას ითხოვენ. საკრებულოს წევრები არჩილ ჩიქოვანის კაბინეტში იმყოფებიან. 

ამასთან, საკრებულოს წევრები მერს აუდიტის ხმაურიან დასკვნაზე განმარტებას მოითხოვენ. დასკვნა არჩილ ჩიქოვანის მმართველობის დროს გაფლანგული თანხებს ეხება. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

ბათუმში ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს თავს 2 დღის წინ დაესხნენ. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, მოხდა.  

არსებობს ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე სამშენებლო ობიექტზე იარაღით მიდის და ემუქრება იქ მომუშავე ადამიანებს. კადრებში ისმის ხმა - "დაგიხვრეტ მუხლებს".

დაპირისპირება ცეცხლაძესთან 2 წლის წინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა მას კუთვნილი ფართის საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად გადმოცემა მოსთხოვა, პასუხად კი უარი მიიღო. ამის შემდგომ კი დაიწყო ფარტენაძის კუთვნილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება, თუმცა, ფარტენაძემ სასამართლოს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ჯარიმები ანულირებულად ცნო.