"გადავალთ საპროტესტო აქციებზე" - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ულტიმატუმი ხელისუფლებას
მოგვაწოდეთ კონკრეტული ინფრომაცია მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ - ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას, თქმით, თუ მთავრობა დღის ბოლომდე საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ქართველი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაციას არ გაავრცელებს, საპროტესტო აქციები გარდაუვალი იქნება.
მამუკა ჩხიკვაძისნაირი ადამიანები, მისნაირი გამოცდილების მქონე და წარსულის ადამიანები განსაკუთრებული ინტერესების ობიექტები არიან საოკუპაციო რეჟიმისთვის, შესაბამისად, შეიძლება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება სერიოზული საფრთხე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უკვე მეოთხე დღეა, დუმს არაფერს გვეუბნება, ხოლო თუ დღესაც ეს დუმილი არ დაირღვევა და კონკრეტულ ინფორმაციას არ მოგვაწვდიან მტკიცებულებით ფორმაში, თუ რა დღეშია მამუკა ჩხიკვაძე, მაშინ ჩვენ უკვე გადავალთ იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც არც ხელისუფლებას მოეწონება და არც რუსებს, - თქვა ქაცარავამ.
35 წლის მამუკა ჩხიკვაძე რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზიდან 4 დღის წინ გაიტაცეს. ოჯახი ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმშია.
გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჩხიკვაძის საქმეზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დააანონსა. სხდომა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი ესწრებოდნენ, შედგა, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უცნობია. საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ქართველ მძევალთან დაკავშირებით ერთი სიტყვა არ წერია.