გამარტივებული შესყიდვები "ოცნების" შემომწირველებისთვის - ტრანსპორტში 43 მლნ ლარამდე დაიხარჯა
სახელმწიფო უწყებებმა "ოცნების" შემომწირველ კომპანიებს გამარტივებული გზით 6200-მდე კონტრაქტი გაუფორმეს, რაშიც ჯამში დახარჯულია 43 მილიონ ლარამდე. კვლევას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. საუბარია 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე გაფორმებულ კონტრაქტებს.
ყველაზე მეტი თანხა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “(4.3 მლნ ლარი) დახარჯეს. უწყების ყველაზე მსხვილი კონტრაქტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მგზავრთა საკარანტინე სივრცეებში გადაყვანასთან იყო დაკავშირებული.
გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული 43 მლნ ლარის კონტრაქტებიდან დაახლოებით 50% - 21.3 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველ კომპანიებზე მოდის.
კვლევის მიხედვით, ეს 21.3 მლნ ლარი 27 კომპანიაზე და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი შესწირეს. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი მათ სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.
TI მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის დროს გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტების დადება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, თუ ეს არ ეხება კონკრეტული კომპანიისგან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ მომსახურებას.