თქვენ ხართ უზრდელი - ,,ტვ პირველის" მფლობელს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

14.12.21 16:29
თქვენ ხართ უზრდელი - ,,ტვ პირველის" მფლობელს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

ხმაურია ამ წუთებში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

გაფართოებულ სხდომას მედიამენეჯერები ესწრებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კრიტიკული მედიის "მოგუდვას" ცდილობს.

მათივე შეფასებით, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშების სატელევიზიო რეკლამის აკრძალვა, რომელსაც პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს, დამოუკიდებელ მედიას სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აყენებს.

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა "ტვ პირველის" დამფუძნებელსა და კომიტეტის  თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, შორის. მმართველი პარტიის ლიდერმა კრიტიკული მედიის მენეჯერს "უზრდელი" უწოდა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. 

ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება ვატო წერეთლის კითხვამ გამოიწვია - "ბატონო ანრი, თქვენ თუ გითამაშიათ? ან "კრისტალზე" ან "აჭარაზე"? რომელი გირჩევნიათ - არც ერთი?!".

კითხვის საპასუხოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ "ტვ პირველის" დამფუძნებელს უთხრა, რომ ის პარლამენტში იმყოფება და "ზრდილობას" უნდა მოუხმოს.

ვატო წერეთელი დაინტერესდა, რატომ იღებს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებულად. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებს უკვე გაწერილი აქვთ 2022 წლის ბიუჯეტი, სადაც ფინანსების უმეტესი წყარო, სათამაშო ბიზნესიდან მიღებულ სარეკლამო შემოსავალზე მოდის. 

თვითონ ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ სპორტს მოაკლდება ძალიან დიდი დაფინანსება. გამოდის, რომ სპორტსმენებს ვტოვებთ ბირჟის, ლოთობის და ნარკომანიის ამარა. თუ მავნებლობა არ არის ეს, რა დააშავა ქართულმა სპორტმა?! ათიათასობით სპორტსმენი გვყავს, ასობით მილიონი ლარი უნდა გამოაკლდეს ქართულ სპორტს. ამხელა ფული უნდა მოაკლოთ სპორტსმენებს და დატოვოთ ნარკომანიის და ლოთობის ამარა.

უცებ შევიკრიბოთ და განვიხილოთ, რა არის, თუ არა მედიის ჩაწიხვლა...

დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავთ იმიტომ რომ ღარიბაშვილის, ჩემი აზრით ამ მავნებელი ადამიანის ინიციატივაა" - თქვა წერეთელმა, რაზეც ოხანაშვილმა წერეთელს "უზრდელი უწოდა". 

პრემიერის ინიციატივას დეპუტატები ფორსირებულ რეჟიმში უკვე ხვალ  სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტზე მსჯელობა გაერთანებული კომიტეტების სხდომაზე საათზე მეტია, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

აკრძალვების პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატებმა წარადგინეს.

ირკვევა ისიც, რომ ონლაინ-თამაშების ოპერატორებისთვის სრულად იცვლება საგადასახადო ბაზა და ის არსებულთან შედარებით 65%-70%-ით ფართოვდება.

სპეციალისტებმა დათვალეს,რომ 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვით ბიუჯეტს 50 მლნ დააკლდება.