მავნე ღარიბაშვილს უნდა, რომ ასეულობით მილიონი ლარი გამოგლიჯოს ქართულ სპორტს - ვატო წერეთელი
,,ტვ პირველის" დამფუძნებელი იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც გაერთიანებული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. ვატო წერეთლის თქმით, მან დასვა კითხვა, რა შედეგი მოჰყვება ქართულ სპორტში პრემიერის მავნებლურ გადაწყვეტილებას, თუკი ქართული სპორტს მილიონობით ლარით სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესი აფინანსებს.
ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: ეს ბიზნესი ასეულობით მილიონ ლარს აბანდებს ქართულ სპორტში, ჩვენს სპორტსმენებში, კლუბებში, ნაკრებებში, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონები ხდებიან, ჩემპიონები ხდებიან სპორტის თითქმის ყველა სახეობაში. კითხვა დავსვი, რომ ამხელა ფული რომ გამოაკლდება ქართულ სპორტს, ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ არის მავნე, ეს ჩვენი სპორტსმენები ხომ გადაინაცვლებენ ბირჟებზე, ნარკომანიის წინაშე, ლოთობის წინაშე და ათასი უბედურების წინაშე.
ირაკლი ღარიბაშვილი არის მავნე ადამიანი, იმიტომ, რომ ასეულობით მილიონი ლარი უნდა გამოაგლიჯოს ქართულ სპორტს, ჩვენს ახალგაზრდობას იმის მაგივრად, მიდიოდეს პროპაგანდა, რომ მეტმა ადამიანმა ითამაშოს სპორტი, ისედაც ჩვენ გაღატაკებულ და გაჭირვებულო ქვეყანაში იცით, სპორტი რა დღეშია, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში. ამაზე დავსვი შეკითხვა, ირაკლი ღარიბაშვილი არის მავნე ადამიანი, რასაც მოჰყვა შეკამათება და ჩემი კომიტეტიდან გამოშვება. ეს არის პირდაპირ მედიის ჩაწიხლვა, - განაცხადა ვატო წერეთელმა.
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. საკითხი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
გაფართოებულ სხდომას მედიამენეჯერები ესწრებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილებით კრიტიკული მედიის "მოგუდვას" ცდილობს.