დიდი ოდენობით ნარკოტიკი საქართველოში - დაკავებულია 4 პირი

16.12.21 12:11
დიდი ოდენობით ნარკოტიკი საქართველოში - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავა.

„მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბ.ზ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებული ბ.გ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ქალაქ ზუგდიდში, დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 41 აბი "სუბოქსინი", 3 შეკვრად დაფასოებული "სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მ.კ.-ს, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მისი პირადი ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.